ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ირწმუნება, რომ მარიონეტულმა რეჟიმმა სირიის ახალ ხელისუფლებასთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნა.
ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ შეშფოთებითა და ყურადღებით ვაკვირდებოდით ტრანსფორმაციებს, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულ სირიის არაბულ რესპუბლიკაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ იქ აფხაზური და ადიღეური დიდი დიასპორა ცხოვრობს. სირიაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მასშტაბური ტრანსფორმაციების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენი წარმომადგენლობა ფუნქციონირებას აგრძელებს, გვაქვს კონტაქტი თანამდებობის პირებთან. თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ. პატივისცემით ვეკიდებით სირიელი ხალხის არჩევანს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის." - თქვა ბარციცმა.
სირია იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. ეს 2018 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მოხდა. 2020 წელს აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა.
2025 წლის იანვარში, ასადის ხელისუფლების დამხობიდან მცირე ხნის შემდეგ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კოალიციამ ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის სირიის ახალ მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ უკან წაეღოთ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარება.
2025 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა გაეუქმებინა ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ, არის თუ არა რაიმე სახის მცდელობა და კონტაქტი სირიის ახალ ხელისუფლებასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.





