ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და საქმეს დაურთო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს ექსპერტის დაკითხვის საშუალება ექნება.
ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე სახელაშვილს მიმართა, მზია ამაღლობელის საქმეს დაურთოს ოცნების პარლამენტარის, ნინო წილოსანის ვიდეოკომენტარი მზია ამაღლობელის შესახებ და ადვოკატის მიმართვები ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
მოწმის სახით დღევანდელ სხდომაზე ბათუმელების მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე და ეკატერინე დავითაძე გამოიკითხნენ.
"აბაშიძის დროს ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ" - თქვა თურაძემ შესავალი სიტყვისას.
სასამართლო პროცესიდან ცნობებს გამოცემა ბათუმელები აშუქებდა წერილობით, live-რეჟიმში. უკვე რამდენიმე დღეა, ძალაში შევიდა ივანიშვილის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი და სასამართლო სხდომებზე მედიას ფოტო-ვიდეო გადაღება აეკრძალა, რის საფუძველზეც ჟურნალისტები სხდომების წერილობით ჩანაწერებს აკეთებენ და ასე აცნობენ საზოგადოებას, რა ხდება რეჟიმის პატიმრების პროცესებზე.
ცნობისთვის, საიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საიამ სტრასბურგში საჩივარი 28 აპრილს გააგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ამასთან, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.





