წულუკიანის კომისია გვარამიას, ხაზარაძის და ვაშაძის საქმეს პროკურატურას ხელმეორედ გადასცემს.
"უნდა გადავწყვიტოთ ბატონი ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის და გიორგი ვაშაძის საკითხები. ჯერ თავისუფლებაზე ყოფნის დროს დაიწყო საუბრები და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამივეს ჩაბარდა შეტყობინება და სამივემ წერილობით განაცხადა უარი ჩართვაზე პენიტენციურიდან. [...]" - თქვა თეა წულიკიანმა, რის შემდეგაც "საგამოძიებო კომისიის" წევრებმა მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეების პროკურატურისთვის გადაცემას.
ცნობისთვის, 24 ივნისს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტიის ოფისში დააპატიმრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
23 ივნისს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.
ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კოალიციის სხვა ლიდერს, გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა. ის 13 ივნისს დააკავეს.
ამის შემდეგ დაპატიმრებული პოლიტიკოსები, გვარამია, ვაშაძე და ხაზარაძე წულუკიანის კომისიაზე კვლავ დაიბარეს.





