უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის პასუხად დაწერა, რომ რუსეთის დანაშაულების ძირითადი მიზეზი მისი დაუსჯელობის განცდაა და რუსეთი "მეორე ლოყაზეც გაგარტყამს სილას".
ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
"იურაი, რუსეთის დაუსჯელობის განცდა არის მისი დანაშაულების საფუძველი. გულუბრყვილობაა, მოელოდე, რომ კრიმინალი შეჩერდება, თუ დასჯის ნაცვლად დანაშაულს შეუნდობ. რუსეთი მეორე ლოყაზეც გაგარტყამს სილას. ვისაც ამ ომში არავინ არ დაუკარგავთ, მსგავსი განცხადებების კეთების არანაირი უფლება არ აქვთ". - წერს სიბიჰა X-ზე.
მანამდე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად რუსეთთან კომუნიკაციის აღდგენა არის საჭირო და დასავლეთმა რუსეთს, "იქნებ, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა".
"მოდით, დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები გამოვნახოთ. იქნებ, ვაპატიოთ კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა". - თქვა ბლანარმა.





