სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, 26 ივნისს, რუსული ტყვეობიდან სამშობლოში უკრაინელი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა.
"ვაგრძელებთ ტყვეების გაცვლას. დღეს ბრუნდებიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები. მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიპოვოთ თითოეული. ყველა ჩვენიანი სახლში უნდა დაბრუნდეს. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება". – დაწერა სოციალურ ქსელ Facebook-ში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საკოორდინაციო შტაბის განმარტებით, 26 ივნისს დაბრუნდნენ 25 წლამდე ასაკის, დაჭრილი და დაავადებული ტყვეები.
დაბრუნებული ტყვეების სრული უმრავლესობა პატიმრობაში 3 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი ტყვედ მარიუპოლში ჩავარდა.
გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არის რამდენიმე ოფიცერიც.
2 ივნისს, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთი და უკრაინა დაჭრილი და ახალგაზრდა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.




