ირან-ისრაელის კონფლიქტი

ირანის პარლამენტმა ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანაშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი

Atta Kenare/AFP

ირანის პარლამენტმა გაეროს ატომურ ზედამხედველ სააგენტოსთან (IAEA) თანაშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. თეირანის მიხედვით, სააგენტოს შემუშავებული ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა.

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაქერ ქალიბაფის თქმით, ირანი გეგმავს სამოქალაქო გამოყენების ბირთვული პროგრამის გაძლიერებას. ირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნისთვის იყენებს. 

სპიკერის თქმით, IAEA-მ უარი თქვა ისრაელის ქმედებების დაგმობაზე, რითიც "თავისი საერთაშორისო სანდოობა გაყიდა".

ქალიბაფის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა სააგენტოსთან თანამშრომლობის გაწყვეტას მანამ, სანამ ირანის ბირთვულ ობიექტებს უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება. 

ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტი ოფიციალურად 24 ივნისს დასრულდა. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ირანმა "ისტორიულ გამარჯვება მოიპოვა" კონფლიქტში, რომელიც ისრაელმა წამოიწყო. 

ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში 12-დღიანი კონფლიქტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა "წყალს გაატანა" და პროგრამის ხელახლა დაწყების ნებისმიერ მცდელობას ისრაელი მსგავსი შეუპოვრობით და ძალით უპასუხებს.

კომენტარები