CNN აშშ-ს დაზვერვის პირველად მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და ამან, სავარაუდოდ, პროგრამის მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხება გამოიწვია.
ცნობისთვის, CNN-ის მიერ დაზვერვის წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 26 ივნისს, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) განაცხადა, რომ სანდო სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "მძიმედ დაზიანდა", ხოლო რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი "განადგურებულია".
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ზიანის შეფასება პენტაგონის სადაზვერვო განყოფილებამ, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ შეადგინა და იგი ეფუძნება იერიშების შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ ჩატარებულ შეფასებას.
CNN-ის მიხედვით, იერიშების მეშვეობით ბირთვული ობიექტებისადმი მიყენებული ზიანისა და ირანის ბირთვულ ამბიციებზე მათ გავლენასთან დაკავშირებით ანალიზი კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა, დამატებითი ინფორმაციის მიღების პარალელურად ანალიზიც შეიცვალოს.
თუმცა, CNN წერს, რომ პირველადი მონაცემები არ არის თანხვედრაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებთან, რომ აშშ-მ "სრულად და ტოტალურად გაანადგურა" ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს "სავარაუდო შეფასება ცალსახად მცდარია".
"ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა აშკარადა მცდელობაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაამცირონ და დისკრედიტაცია გაუწიონ მამაც პილოტებს, რომლებმაც სრულყოფილად შესრულებული მისია ჩაატარეს ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად." - დაამატა ლივიტმა.





