კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თანახმად, რუსეთი ირანს თავისი "ნათელი პოზიციით" დაეხმარა.
ასე უპასუხა პესკოვმა კრიტიკას, რომ რუსეთს ირანის მხარდასაჭერად მეტი უნდა მოემოქმედა.
"ახლა ბევრს სურს, რომ ცეცხლს ნავთი დაასხან, რათა მოსკოვსა და თეირანს შორის პარტნიორული ურთიერთობები გააფუჭონ. [...] მხოლოდ გუშინ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს, რომ რუსეთმა ნამდვილად დაუჭირა მხარი ირანს თავისი ნათელი პოზიციით, რომელიც დავიკავეთ... და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ირანთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვავითაროთ". - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა დაამატა, რომ რუსეთის "ნათელი პოზიცია" 23 ივნისს პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრის დროს დადებითად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი და მეცნიერი დახოცა. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.
22 ივნისს ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ მძიმე ბომბდამშენებით ჩაერთო და იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა. 23 ივნისს ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, თუმცა იერიშამდე მათ წინასწარ გააფრთხილეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც სამხედრო ობიექტი მდებარეობდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეირანისგან სუსტი პასუხი მიიღეს და წინასწარ გაფრთხილებისთვის მადლობა გადაიხადა.
24 ივნისის ღამით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო ერთი დღის შემდეგ კონფლიქტი დასრულდება. მოგვიანებით, ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას "ძალით უპასუხებს"
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელმა ორივეს განეიტრალება შეძლო, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კი IDF-ს უბრძანა, რომ "ძალით უპასუხოს ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, თეირანის გულში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური იერიშების მიტანით".





