რუსული რეჟიმი

კობახიძემ დავითაშვილი მრჩევლად გადაიყვანა, ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დანიშნა

ივანილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადააყენა და თავის მთავარ მრჩევლად დანიშნა. კობახიძის შეფასებით, "სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთანაა დაკავშირებული და ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის  შემდგომი დაჩქარება". ივანიშვილის ახალი ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იქნება.

"ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად ეკონომიკური საბჭოს გაძლიერება გადავწყვიტეთ, ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევ შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი.

სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთანაა დაკავშირებული, ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას" - თქვა კობახიძემ.

21 ივნისს სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

კომენტარები