შსს-მ აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ტაბულას ინფორმაცია უწყებაში დაუდასტურეს.
გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე ორი მონაწილე დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებულს მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
შემთხვევა 23 ივნისს თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.
"SwissHotel-თან ზებრაზე ხუთი წუთის გამო ვიღაც ნაძირალა გამოვარდა და აქციის მონაწილეებს მანქანა დააჯახა. პოლიციამ ცადა რომ გაეჩერებინა მაგრამ უშედეგოდ, მათკენაც კი გაიწია და ლამის მათაც დაეჯახა. რეაგირება 0 პოლიციის მხრიდან იმ მომენტში" - დაწერა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.





