პროკურატურის ცნობით, საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისათვის საქართველოს შსს-ს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5 000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი, უკანანო საქმიანობის მფარველობისათვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისათვის სისტემატურად 2 000 ლარს დაპირდნენ" - თქვა ბრიფინგზე პროკურორის მოადგილემ, ზურაბ ბელთაძემ.
ბელთაძის განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებმა 20 ივნისს ორივე პირი დანაშაულის ცხელ კვალზე, უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის, 3 000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლლების აღკვეთას ითვალისწინებს.





