აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში Abzas Media-ს ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯეს

Haji Zeynalli/Abzas Media.

20 ივნისს ბაქოს სასამართლომ საინფორმაციო პლატფორმა Abzas Media-ს ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯა.

Abzas Media-ს დირექტორ ულვი ჰასანლის, მთავარ რედაქტორ სევინჯ აბასოვას და საგამოძიებო ჟურნალისტ ჰაფიზ ბაბალის ჯგუფურად უცხოური ვალუტის კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. 

ჟურნალისტები ნარგიზ აბსალამოვასა და ელნარა გასიმოვას თავისუფლება რვა წლით, ხოლო კოორდინატორ მაჰამმად კეკალოვს შვიდ ნახევარი წლით აღუკვეთეს.

9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს Radio Free Europe/Radio Liberty-ს ჟურნალისტ, ფარიდ მეჰრალიზადესაც, რომელიც 2024 წლის ივნისში დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე  ჟურნალისტებს ხელში ეკავათ ფოტო, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შვილები, ლეილა და არზუ ალიევები, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბაილარ აიუბოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალი ნაღიევი იყვნენ გამოსახულები.

ფოტო Abzas Media-ს მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალის ყდა იყო, რომელიც მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე რეგიონებში აგრარულ სექტორში არსებულ კორუფციას ამხელდა.

მანამდე, 2023 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ Abzas Media-ს ოფისები დაარბია და თანამშრომლები დააკავა. 

განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, Amnesty International-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინა დაკავებული ჟურნალისტები.

რეპორტიორები საზღვრების გარეშე-ს (Reporters Without Borders) მონაცემებით, აზერბაიჯანში ამჟამად 24 ჟურნალისტია დაპატიმრებული, რაც მსოფლიოში მერვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები