ირან-ისრაელის კონფლიქტი

ჰეგსეთის თქმით, აშშ-ს არმია "მზადაა, აღასრულოს" ტრამპის გადაწყვეტილებები ომის საკითხზე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
REUTERS/Carlos Barria

იმ სპეკულაციების ფონზე, რომ აშშ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი ამბობს, რომ აშშ-ს არმია "მზადაა, აღასრულოს" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ომისა და მშვიდობის საკითხზე იქნება მიღებული. 

"თუ და როცა ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, [თავდაცვის] დეპარტამენტი მზადაა, ისინი აღასრულოს". - თქვა ჰეგსეთმა სენატის შეირაღებული ძალების კომიტეტის წინაშე საუბრისას. 

მიუხედავად აღნიშნული კომენტარისა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა აშშ-ს მიერ ირანზე დარტყმისთვის მზადების დადასტურებაზე. 

თავად აშშ-ს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-მ ირანს "შეიძლება [დაარტყას], შეიძლება არა".

"შეიძლება, ეს გავაკეთო. შეიძლება, არა. არავინ იცის, რის გაკეთებას ვაპირებ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მათ მოლაპარაკება სურთ". - თქვა ტრამპმა. 

ABC News-მა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის "სიტუაციების ოთახში" აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის შეხვედრის პარალელურად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ მომდევნო 24-48 საათი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმის განსასაზღვრად, შესაძლებელია თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება, თუ საჭირო იქნება აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა. 

ABC News-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აგრესიული ტონის მიუხედავად, ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, ირანი სუსტ პოზიციაში იმყოფება, რამაც შესაძლოა, აიძულოს ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს და საბოლოოდ, დათანხმდეს პირობებზე, რომლის ფარგლებშიც ირანს სრულად მოუწევს, უარი თქვას ყოველგვარ ურანის გამდიდრებაზე. 

ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

"ჩვენ ახლა ირანის ცაზე სრული კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი საჰაერო თვალთვალის და სხვა თავდაცვითი ეკიპირება ჰქონდა, არაერთი, თუმცა, აშშ-ს წარმოებულს არ შეედრება. არავინ აწარმოებს უკეთესს, ვიდრე აშშ". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", ის მარტივი სამიზნეა – არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობის ან ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ იყოს ნასროლი. ჩვენი მოთმინება იწურება". - დაამატა მან ცალკე პოსტში.

ირან-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ირანის რეჟიმმა მიანიშნა მზადყოფნაზე, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, თუკი ირანი დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას და ურანის გამდიდრებაზე უარს იტყვის, შესაძლოა, მომდევნო კვირაში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართოს, რასაც აშშ-ს მხრიდან ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და, სავარაუდოდ, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებენ.

თუმცა, ABC News აღნიშნავს, რომ ამისთვის ირანის მხრიდან სწრაფი ნაბიჯებია საჭირო, რადგან პრეზიდენტმა უკვე მიანიშნა, რომ ირანის რეჟიმის მიმართ მოთმინება ეწურება. პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპი გაღიზიანებულია იმით, რომ ირანი მის ადმინისტრაციას პასუხებს მყისიერად არ აძლევს. 

კომენტარები