რეჟიმის პატიმრები

საქმის კადრები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისთვის – ექსპერტი ანრი კვარაცხელიაზე

ანრი კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელიას საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც კვარაცხელიას საქმეში არსებულ კადრებზე დაცვის მხარის თხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა. 

მოწმის განცხადებით, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებში, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მტავარი მტკიცებულებაა, შეუძლებელია ანრი კვარაცხელიას ამოცნობა. 

როგორც ექსპერტმა განაცხადა, მასალას ხარისხის გასაუმჯობესებლად სპეციალური სამუშაოები ჩაუტარეს, თუმცა პირის ამოცნობა მაინც ვერ მოხერხდა.

"გაკეთდა ვიზუალური ანალიზი, რის შედეგადაც, მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, რაც მოიცავდა ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებს, არ აღმოჩნდა ვარგისი პირის საიდენტიფიკაციო კვლევის ჩასატარებლად. 
[...]
ზოგადად, ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის საჭირო არის რომ სახის ნაკვთები განსაკუთრებული სიზუსტით იყოს ასახული და კადრში დაფიქსირებული, ვინაიდან ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ ჰაბიტოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად, მოითხოვს განსაკუთრებული სიზუსტით აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. შესაბამისად, მოცემულ ჩანაწერზე გამოსახულება, რომელიც შეირჩა და მაქსიმალურად შედარებით კარგად ასახავდა კონკრეტულ პირს, მაინც აღნიშნულის მიუხედავად იყო უვარგისი ეს გამოსახულებები". - განაცხადა მოწმემ. 

მისი თქმით, კადრში დაფიქსირებულ ტანსაცმელზე ვიზუალური ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში ასეთი მეთოდოლოგია არ არის, რომ პირის იდენტიფიცირება ტანსაცმლით მოხდეს. 

"კვლევაზე წარდგენილი მასალა არის იგივე მასალა, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარემ ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, თუმცა სუბიექტური ექსპერტიზით, შსს-ს ექსპერტით, ეს მასალა თითქოს ვარგისია და პიროვნების მაიდენტიფიცირებადი მონაცემები აიღო, წარმოუდგენელია როგორ. თუმცა დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ის, რომ აღნიშნული ვიდეო კვლევის ჩასატარებლად და იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომ იდენტიფიცირება ხერხდება თუ არა კონკრეტული პირის, ვინც ბოთლის მაგვარ საგანს ისვრის, განმარტა ხაზგასმით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გარჩევადობა და ვიდეოს ხარისხი არის ძალიან დაბალი, იდენტიფიცირება იმ პირის, ვინც ისვრის, სავარაუდოდ, ბოთლს, საერთოდ ვერ ხერხდება". - განაცხადა ანრი კვარაცხელიას ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ. 

ანრი კვარაცხელიას საქმე, რომელსაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს, დასკვნით ეტაპზეა, მომდევნო პროცესზე პროკურტურა დასკვნითი სიტყვით წარდგება.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კვარაცხელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარემ ექსპერტს მხოლოდ ერთი ვიდეო წარუდგინა, რაც "ვერ გამოდგება იმის სამტკციებლად, რომ კადრებში ასახული პიროვნება კვარაცხელია არაა".

კომენტარები