ივნისის დასაწყისში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა დღეს მიმდინარე კვირაში მეოთხედ გაცვალეს ომის პატიმრები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დღეს, უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არის ის მრავალი, რომელიც ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფა. მათ შორის არიან ჯარისკაცები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და სპეციალური სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურიდან". - წერს ზელენსკი X-ზე.
დღეს გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების უმრავლესობა მძიმედ დაჭრილი ან ავადმყოფობის მქონე ჯარისკაცები არიან, რომლებიც 2022 წელს მარიუპოლის დაცვის დროს დააკავეს.
უკრაინამ 14 ივნისს დაიბრუნა 1200 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრებიც. 11, 13 და 14 ივნისს რუსეთმა უკრაინას ჯამში 2412 ცხედარი გადასცა.
ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ომის პატიმართა გაცვლა 20 ან 21 ივნისისთვის დასრულებული იქნება.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა უკრაინას 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაუბრუნოს.





