ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ირანზე 13 ივნისის იერიშებში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრესსპიკერის თქმით, იერიშების ფარგლებში დაახლოებით 100 სამიზნეს 300 ბომბით დაარტყეს.
დეფრინმა ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია რამდენიმე ირანელი ოფიციალური პირი, მათ შორის, ირანის სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი, ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი და ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამ ალი რაშიდი.
ცნობისთვის, პარასკევს, 13 ივნისის დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ხოლო მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.
ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.
თავის მხრივ, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დარტყმა "პრევენციული". ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.
ამავდროულად, გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებსა და ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის იერიშის შედეგად მოკლეს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შამხანი თეირანში თავის საცხოვრებელ სახლზე იერიშის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო დაიღუპა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "აღმავალი ლომი", "გაგრძელდება იმდენ დღეს, რამდენიც ამ საფრთხის მოსახსნელად იქნება საჭირო".





