დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანის წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვერთვებით - ისრაელის სამხედრო დაზვერვის მეთაური

შლომი ბინდერი, 2024 წლის აგვისტო.
Tomer Neuberg/Flash90

ისრაელის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს მეთაური, გენერალ-მაიორი შლომი ბინდერის თქმით, ისრაელი ირანთან "ეგზისტენციალურ" ბრძოლაში შევიდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვერთვებით კამპანიაში - რომელიც არაფერია, თუ არა ეგზისტენციალური - მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს." - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის მეთაურმა.

"ეს თავადაც არაერთხელ გაგიგიათ: ისინი მუშაობენ, რათა შექმნან ბირთვული საშუალებები, ჩქარი ტემპით განვითარდნენ ამ მიმართულებით და ააწყონ კონვენციური შეიარაღება ძალიან დიდი რაოდენობით." - დაამატა გენერალ მაიორმა.

ბინდერის თქმით, "ეს არის საფრთხე, რომლის შესუსტება, ჩაშლა და გაქრობა" სურთ.

დაზვერვის მეთაურის თქმით, უწყება გამალებით მუშაობდა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაცია მოეპოვებინა.

"სადაზვერვო სამმართველო გამალებით მუშაობდა, რომ მოეპოვებინა წინასწარი გაფრთხილება [ირანის] ბირთვულ პროგრესსა და რაკეტების რაოდენობაზე. სამმართველო ამ მისიისთვის მზადაა." - თქვა სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

ბინდერის თქმით, სამხედრო დაზვერვის სამმართველო მაღალ მზადყოფნაშია და ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში "დიდი უპირატესობით ერთვება".


13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ამომავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა. 

კომენტარები