უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა დამყარდა. ჩვენ ქართველ მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჩვენ გავხსენით თავისუფალი ვაჭრობის სივრცეც. სამი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განცხადება გააკეთა და 2022 წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ.
მაგრამ, ბოლო პერიოდში, უკვე თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს. მე ღიად ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს განხილვა - რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა იმ მოქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის საპასუხოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რაც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს?
ამ კონტექსტში, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - არის თუ არა ის პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქამდე ევროკავშირთან ჰქონდა, კვლავ დამსახურებული? ამ თემაზე წევრ ქვეყნებს შორის ინტენსიური განხილვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი იდეა იყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. თუმცა ეს დამოკიდებულია წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე - საჭიროა წევრი ქვეყნების ორი მესამედის თანხმობა. ეს განხილვები უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს. ეს [ტუსკის სიტყვები] უბრალოდ კიდევ ერთი მოსაზრებაა.
ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილი არ არის. უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა უვიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის ფასი ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის შევზღუდოთ - მაგრამ არა რიგითი მოქალაქეებისთვის.
ამის მიუხედავად, დისკუსია გრძელდება და საბოლოოდ, ეს იქნება წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილება. თუმცა ამ ეტაპზე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პრივილეგიით.





