უვიზო მიმოსვლა

ტუსკის თქმით, EU-ს ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ინფორმაციას OC Media ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ტუსკმა ამის შესახებ მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე იმიგრაციის თემაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ჩვენ აუცილებელი უმრავლესობის მოგროვებაზე ვმუშაობთ, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა, სხვებთან ერთად. დიახ, ეს ჩემი მიზანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, რომელსაც სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, თუმცა ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს". - თქვა ტუსკმა. 

"ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ბოდიშს ვუხდი იმ ქართველებს, რომლებმაც შეურაცხყოფილად შეიძლება იგრძნონ თავი – თუმცა, ზოგადად, მე ძლიერი მხარდამჭერი ვარ უვიზო მიმოსვლის აკრძალვისა იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომლებიც აღარ სცემენ პატივს ავტორიტარული ხელისუფლების შესახებ სტანდარტებს ან რომლებისგანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონსა და წესრიგს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ევროპაში". - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა. 

მიგრაციის პრობლემაზე საუბრისას ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ქვეყნიდან ყოველდღიურად აძევებს კრიმინალებს. 

"ბოლო ქართველი კრიმინალების დეპორტაცია 4 დღის წინ [მოხდა], როდესაც დანაშაულებრივ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი ქვეყნიდან გავაძევეთ". - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა. 

კომენტარები