რეჟიმის პატიმრები

მოწმემ ვერ გაიხსენა, რომ ზვიად ცეცხლაძე მან დაკითხა – რა ხდებოდა 8 პირის სასამართოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 3 მოწმე გამოიკითხა. 

ამ მასალაში გიყვებით რა ხდებოდა ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესზე:

გიორგი ჟორჟოლიანი
​​​​​​

დღეს პირველი გიორგი ჟორჟოლიანი გამოიკითხა, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომელია. მან 10 ივნისს ასევე ჩვენება მისცა 11 პირის საქმეშიც.

ჟორჟოლიანმა აღწერა და შეისწავლა რუსთაველის გამზირზე აქციების შემდეგ არსებული დაზიანებები.

დავით ქიტიაშვილი

მეორე მოწმე რომელიც დღევანდელ პროცესზე გამლოიკითხა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი დავით ქიტიაშვილია. ქიტიაშვილი 10 ივნისს ასევე გამოიკითხა 11 პირის საქმეშიც. მისი გამოკითხვა ხმაურიანად მიმდინარეობდა, მოწმე კონკრეტულ შეკითხვებს ზოგად პასუხს სცემდა. 

გუშინდელი პროცესის მსგავდას, ქიტიაშვილი დღესაც უარს ამბობდა შეკითხვებზე "კი და არას" ფორმატში ეპასუხა. მან სიტყვიერი შენიშვნა დაიმსახურა მოსამართლე მჭედლიშვილისგან.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მოწმე და პროკურორები გააფრთხილა ტელეფონი დადონ. აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 11 პირის პროცესზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა შეამჩნია, რომ პროცესის მიმდინარეობისას, როცა მოწმეს ჰკითხავდა, მოწმე ქიტიაშვილი და პროკურორი ვაჟა თოდუა ტელეფონში ერთდროულად იყურებოდნენ.

გამოკითხვის დაწყებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მეორე "მოწმეს ყური აქვს მოდებული დარბაზზე და ისმენს", მიმინოშვილმა მოუწოდა რომ მოწმე გაეყვანათ. პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადა, რომ მოწმეები დარბაზთან არ დგანან. მოსამართლემ მანდატურს აღნიშნულის გადამოწმება სთხოვა, მანდატურმა თქვა, რომ "როგორც იცის, იქ მოწმე არ დგას".

დავით ქიტიაშვილმა აღნიშნულ საქმეში ინფორმაციული პატაკის საფუძველზე დაათვალიერა ვიდეო, რომელშიც მისი თქმით, ირაკლი მიმინოშვილია აღბეჭდილი. გარდა ამისა, დააკავა ინსაფ ალიევი და ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა, გაჩხრიკა მისი სახლიც.

მოწმემ თქვა, რომ "ბრალდებული მიმინოშვილი ახორციელებს 2 ქვის გასროლას პოლიციის კორდონის მიმართულებით". მისი თქმით, "აღნიშნულ ვიდეოში მიმინოშვილის სახე კარგად ჩანს, შემდგომ ეს დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც".

მიმინოშვილის ადვოკატი  ნინო ლომინაძე: ვის ჰქონდა ატვირთული ეს ვიდეო?
ქიტიაშვილი: ატვირთული თვითონ ავტორი ვერ იქნება იდენტიფიცირებული.
ლომინაძე: ვის ჰქონდა, სახელწოდება მაინტერესებს.
ქიტიაშვილი: ომი ომი და ომი თუ რაღაც მსგავსი.
ლომინაძე: რატომ არ არის ეს დაფიქსირებული დათვალიერების ოქმში. 
ქიტიაშვილი: იქნება აუცილებლად დაფიქსირებული.

მოწმემ თქვამ რომ ლინკი აქვს მითითებული, აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ ლინკი არ იხსნება. 

ლომინაძემ ქიტიაშვილს შეკითხვები დაუსვა ოქმში მითითებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისვრის ქვას. ადვოკატს აინტერესებდა საიდან დაადგინა, რომ ქვაა. 

ქიტიაშვილი: ვიდეოს დათვალიერებიდან.
ლომინაძე: თქვენ რა იცით, რომ იყო ქვა?
ქიტიაშვილი: თვალსაჩინოდ ჩანს, მკაფიო კადრი იყო. 
ლომინაძე: იქნებ ქვას ჰგავდა?
ქიტიაშვილი: არა, ქვა იყო.
ლომინაძე: დაზუსტებით როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ იყო ქვა?
ქიტიაშვილი: ობიექტური პირისთვის...
ლომინაძე: თქვენ ობიექტური პირი ხართ?
ქიტიაშვილი: ობიექტური პირი ვარ, გამოძიებას ვაწარმოებ და გეუბნებით, რომ ობიექტური პირი ვარ. 
ლომინაძე: მეც ობიექტური პირი ვარ და გეუბნებით, რომ არ იყო ქვა. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდების მხარე ხართ?
ქიტიაშვილი: ბრალდების მოწმე ვარ ამ ეტაპზე.
ლომინაძე: გამოძიების და სამართალწარმოების ეტაპზე ხართ თუ არა ბრალდების მხარე?
ქიტიაშვილი: როცა ვარ გამომძიებელი, ვალდებული ვარ ობიექტურად და ყოველმხრივ ვაწარმოო გამოძიება.
ლომინაძე: როდესაც ახორციელებდით დათვალიერებას, თქვენ, იმ მომენტში, როგორც გამომძიებელი იყავით თუ არა ბრალდების მხარე?
ქიტიაშვილი: როდესაც გამოძიებას ვაწარმოებ ვარ ბრალდების მხარე. 

ლომინაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა ჩანს თუ არა სპეცრაზმელები იმ ვიდეოში,რომელიც მან დაათვალიერა და ირაკლი მიმინოშვილის საქმეში ჩადო. რაზეც მოწმემ დადებითი პასუხი გასცა. ლომინაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პასუხს შემდეგ შეაფასებს.

ადვოკატმა მას ასევე ჰკითხა, რადგან ობიექტურობა ახსენა, დანიშნა თუ არა ექსპერტიზა კადრის უწყვეტობასა და მონტაჟზე, რაზეც მომწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. 

რაც შეეხება რუსთავში ინსაფ ალიევის დაკავების ეპიზოდს, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა, რატომ არ წაიყვანეს ალიევი რუსთავის სამმართველოში და რატომ ჩამოიყვანეს ის ორთაჭალაში. მოწმემ პასუხად ავსაჯანიშვილს გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა. მისი თქმით, თბილისის სამმართველო, რუსთავში დაკავებული ალიევის წასყვანად, რუსთავის სამმართველოზე ახლოს იყო.

ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ ქიტიაშვილს შეკითხვები დაუსვა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებთან დაკავშირებით, რომლებიც ოქმის თანახმად მოწმემ გამოკითხა. აჭარაძემ ქიტიაშვილს ჰკითხა დაავალა თუ არა პოლიციელებს სამედიცინო დოკუმენტაციის მიტანა, რადგან ყველა პოლიციელი გამოკითხვაზე სამედიცინო დოკუმენტაციით მივიდა, ქიტიაშვილმა თქვა, რომ მას არ დაუვალებია და "დოკუმენტაციები თავად მოჰქონდათ". მისი თქმით, ვერ დაავალებდა, რადგან არ იცის გამოსაკითხად მისულმა მოწმემ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მას. 

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიჭინაძემ ქიტიაშვილს შეკითხვები ცეცხლაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით დაუსვა. მოწმემ ვერ გაიხსენა, რომ ზვიად ცეცხლაძე მან დაკითხა. ამის შემდეგ ჭიჭინაძემ მოწმეს გამოკითხვის ოქმი აჩვენა, რომელზეც მისი ხელმოწერაა.

მოწმე ამბობს, რომ არ ახსოვს კონკრეტული დეტალები, "თუ გამოკითხვის ოქმში წერია, ჩემი ხელმოწერა აქვს, ე.ი. ეგრეა".

"გამოკითხვის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მე ბევრი ადამიანი მყავს გამოკითხული და კონკრეტულ პასუხებს ვერ გაგცემთ ზვიად ცეცხლაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით" . - თქვა მოწმემ.

ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა შეკითხვები დაზარალებული პოლიციელების გამოკითხვების ოქმთან დაკავშირებით დაუსვა. კოჟორიძემ მოწმეს ჰკითხა შეეძლო თუ არა 2 ადამიანს ერთდროულად ესროლა ერთი ქვა პოლიციელების მიმართულებით. აღნიშნული შეკითხვის განრიდება პროკურატურამ მოითხოვა, მოწმის თქმით შეკითხვა ვერ გაიგო. კოჟორიძე კი განმარტა, "ყველა პოლიციელი რომელიც მოვიდა, ამბობს, რომ მათ 1 ქვა მოხვდათ, მაინტერესებს რითი აიხსნება, რომ ორ სხვადასხვა საქმეში აქვთ მათ დაზარალებულის სტატუსი".

ქიტიაშვილს შეკითხვები დასვა ინსაფ ალიევმაც. ალიევმა მას ჰკითხა იცის თუ არა იმის შესახებ, რომ დაკავების შემდეგ მანქანაში ერთ-ერთმა პოლიციელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

ალიევმა მოწმეს ასევე უთხრა, რომ მისი ტელეფონის გახსნა რამდენჯერმე მოითხოვეს, ეუბნებოდნენ, რომ რაღაც ჰქონდა ტელეფონში და რა შეიძლება ყოფილიყო? მოწმის თქმით, არ ახსოვს რატომ ითხოვდა და შეიძლება პაროლის მოხსნა მოეთხოვა, რათა კოდი ამოეღო. მოწმის თქმით, არ ახსოვს მოხსნა თუ არა პაროლი ინსაფ ალიევმა.

კონსტანტინე კერესელიძე

ქიტიაშვილის შემდეგ გამოიკითხა პოლიციელი კონსტანტინე კერესელიძე, რომელმაც ჩაატარა ცეცხლაძის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ასევე დააკავა ის. 

კერესელიძის თქმით, ზვიად ცეცხლაძის დაკავება მისი სახლის ჩხრეკის დასრულების შემდგე მოხდა. ცეცხლაძე თავისი ნებით გაჰყვა სახლში, სახლის კარი იმ პირმა გააღო, რომლისგანაც ცეცხლაძეს ბინა ჰქონდა ნაქირავები, რადგან ცეცხლაძემ პირადი ჩხრეკის შემდეგ პოლიციელებს უთხრა, რომ სახლის გასაღები თან არ ჰქონდა. 

მოწმის თქმით, ცეცხლაძეს სახლის ჩხრეკაზე მესამე პირის დასწრება შესთავაზეს თუმცა ცეცხლაძემ უარი განაცხადა. ზვიად ცეცხლაძე ხელს აწერს საკუთარი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებს, მას ხელი არ მოუწერია სახლის ჩხრეკის ოქმზე. ადვოკატის ჩაკითხვაზე, ამის მიზეზი ხომ არ იყო, ის რომ ცეცხლაძეს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების და ჩხრეკაზე მისი დასწრების უფლება, მოწმემ თქვა, რომ ცეცხლაძემ თვითონ თქვა უარი მესამე პირზე. გარდა ამისა, აღნიშნული ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული არ არის. 

ჭიკაიძემ მოწმეს უთხრა, რომ როდესაც ის მივიდა ცეცხლაძის სახლში და ითხოვდა ჩხრეკაზე მის დასწრებას ის არ შეუშვეს. მოწმის თქმით, არ ესმოდა ჭიკაიძის ხმა, რადგან იქ ძალიან ბევრი "ხალხი მოგროვდა უცებ". მისი თქმით, იმის შესახებ რომ ჭიკაიძე ადვილზე მივიდა გაიგო მისი თანამშრომლისგან, როცა დასრულებული ჰქონდა ბინის ჩხრეკა, ჭიკაიძე სახლში შეიყვანა და ცეცხლაძის დაკავების პროცესს დაასწრო.

"როცა შემოვედი მე, თქვენ არ მითხარით, ჩხრეკა დაწყებული მქონდა და ამიტომ არ დაგიშვიო? - ჰკითხა ჭიკაიძემ მოწმეს, რაზეც კერესელიძემ თქვა, რომ არ ახსენდება.

ჭიკაიძემ მოწმეს ასევე ჰკითხა რატომ არ ასახა ოქმში შესწორება, რომ ზვიად ცეცხლაძემ ხელი ოქმზე იმიტომ არ მოაწერა, რომ ჩხრეკას მისი ადვოკატი არ დაასწრეს. მოწმე კერესელიძე ამბობს არ ახსოვს მსაგვი საუბარი მასსა და ჭიკაიძეს შორის.

მოწმეს შეკითხვები დაუსვა ზვიად ცეცხლაძემაც. ცეცხლაძემ მოწმეს ჰკითხა რა თანმიმდევრობით გაჩხრიკეს სახლი, რაზეც მომწმე თქვა, რომ არ ახსოვს. 

ცეცხლაძე: თუ გახსოვთ, მე გკითხეთ საფუძვლიანად თუ გაჩხრიკეთ შესასვლელი, ახლა საძინებელს რომ ჩხრიკავთო.
კერესელიძე: არ მახსენდება. 

მოწმე პოლიციელმა იქამდე თქვა, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლის შესასვლელში იყო საღებავები, კვერცხები, და სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილები. 

დავით ჭიკაძის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, რომელიც იმის გამორიცხვას ისახავდა მიზნად, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ცეცხლაძის სახლში აღნიშნული ჩხრეკის დაწყების შემდეგ ჩაედოთ, მოწმემ რამდენჯერმე თქვა რომ დეტალები არ ახსოვს. ჭიკაძემ დაუზუსტა, შეძლებდა თუ არა მოწმე ჩხრეკის დროს გაეკონტროლებინა თუნდაც გარეშე პირების შესვლა. მისი თქმით ის ოქმს ავსებდა და ალბათ დაინახავდა. 

ცეცხლაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, სად იმყოფებოდა, როდესაც მის სახლს ჩხრეკდნენ. მისი თქმით, იმ ოთახში, რომელსაც ჩხრეკდნენ. 

ცეცხლაძემ მოწმეს ჰკითხა როდის აღმოაჩინეს ბოთლები მის სახლში, მოწმემ თქვა, რომ ჩხრეკის ბოლოსკენ, თავდაპირველად არა. ცეცხლაძემ მოწმეს დააზუსტებინა, სად იყო ის ამ დროს. მოწმემ ისევ გაიმეორა, რომ იმ ოთახში, სადაც კერესელიძე იყო. 

დაესწარით თქვენ ბოთლების აღმოჩენის მომენტს? - ჰკითხა ცეცხლაძემ მოწმეს, რაზეც კერესელიძემ თქვა, რომ იმ მომენტში იყო საძინებელში და ავსებდა ოქმს. 

ხომ არ გახსენდებათ, სიტუაცია, რომ ჩხრეკა გარკვეულ მომენტში შეწყდა და თქვით, რომ დაველოდოთ კონკრეტულ ადამიანს [სამართალდამცველს] და მერე გავაგრძელოთ, ჰკითხა ცეცხლაძემ მოწმეს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. ცეცხლაძემ ასევე ჰკითხა ოქმის შედგენის დროს, უყურებდა თუ არა კარს, რაზეც კერესელიძემ თქვა, რომ პირდაპირ არა.

დავით ჭიკაიძემ მოწმეს ჰკითხა, რატომ არ გადაიღო მან ცეცხლაძის სახლის ჩხრეკის პროცესი, რაზეც კერესელიძემ თქვა, რომ ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მშვიდად მიმდინარეობდა და ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ.

ასეთი ფაქტი ხომ არ გახსენდებათ, რომ მე თანახმა ვიყავი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე, მაგრამ შემდგე აღმოჩნდა ეს ბოთლები ჩემს სახლში და მე მკაფიო უარი განვაცხადე ამის გამო? - ჰკითხა კერესელიძეს ცეცხლაძემ, რაზეც კერესელიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

გამოკითხვის ბოლოს მოწმეს შეკითხვა დაუსვა მოსამართლემაც, თამარ მჭედლიშვილმა კერესელიძეს ჰკითხა, ჩხრეკის ბოლოს მიეცა თუ არა ადვოკატს უფლება შენიშვნა დაეფიქსირებინა დაკავების ოქმზე, რაზეც მოწმემ უპასუხა - "რა თაქმა უნდა".

სხდომის ბოლოს განცხადების უფლებით ისარგებლა ზვიად ცეცხლაძემ და კერესელიძის ჩვენების პასუხად აღწერა, მისი დაკავების და ჩხრეკის პროცესი:

დაკავების მომენტში, გაცნობის ფაქტი არ ყოფილა ზოგადად, ხელი ჩამავლეს და იკითხეს შენ ხარ თუ არა ზვიად ცეცხლაძე, კიო, ფორმა ნამდვილად ეცვათ, მაგრამ პირდაპირ მანქანაში ჩამტენეს, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. შემდეგ მკაფიოდ მოვითხოვე, რომ იქნება პოლიციელები არ ხართ, დამიდასტურეთ და ჩემითაც ჩავჯდები მანქანაში, ამის შემდგომ მაჩვენეს მტკიცებულები. 

რაც შეეხება სახლის გასაღებს, მათ ის ტერიტორია დაიკავეს სანამ ჩვენ მივიდოდით და მე ვუხსნიდი არაერთხელ რომელი იყო ჩემი სახლის შესასვლელი, რასაც ვერ მიაკვლიეს. ამის შემდგომ, მივდივართ, გასაღები მაქვს მე იმიტომ, რომ სახლის გასაღები თან დამაქვს, პარალელურად, მერე გასაღებიც ვიცი სადაც იმყოფება და მათ შორის, კი, აქვს ბინის მეპატრონესაც, მაგრამ კარის შესასვლელი უშუალოდ გავუღე მე. ამის შემდეგ  მიმდინარეობს ჩხრეკა დეტალურად შესასვლელში, ლოგიკურია, რომ შესასვლელი გაიჩხრიკება პირველი, ამის შემდეგ გადავდივართ საძინებელ ოთახში. სადაც ბოლომდე მიდის ჩხრეკა აწი იქ. იმ ოთახიდან ფაქტობრივად აღარ გამოვდივართ, იმიტომ, რომ აუცილებლობა არ არის. დავაზუსტე და ვიკითხე, ხომ არ არის საჭირო შემდეგი ოთახი ხელახლა გადაიჩხრიკოს. 

გარკვეულ მომენტში ჩხრეკა საერთოდ წყდება, როდესაც [კერესელიძე] საუბრობს ხმაურზე, პოლიციელების მიმოსვლა, ყველანაირი მოძრაობა ჩერდება და ვზივართ. რაზეც ვეკითხები, რას ველოდებით-მეთქი და საგამოძიებო პროცესის დასრულებას. გადის 20-25 წუთი, ამ მომენტის განმავლობაშიც ბატონი დავითი მართლა მწარედ ითხოვს შემოსვლას, იმიტომ, რომ ჩვენთან სიწყნარეა, გარეთ  არა" - თქვა ზვიად ცეცლაძემ.

ამის შემდეგ სასამართლო სხდომა დასრულდა და 12 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძელდება. ხვალიდენლ სხდომაზე სავალდებულო წესით გადაისინჯება ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. 

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები