თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.
სხდომის ბოლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღევანდელი პროცესი სრულად დახურა, მათ შორის, მედიისთვისაც - დარბაზი დაატოვებინეს იმ მედიასაც, რომელსაც პროცესის გადაღების უფლება ჰქონდა.
"მოსამართლემ 11 პირიანი სხდომა დახურა დარბაზიდან წამოძახებული უმნიშვნელო რეპლიკის გამო. დარბაზიდან შეახსენეს მოსამართლეს, რომ პატიმრები მთელი დღის მანძილზე არიან მშივრები. დღევანდელი სხსომა დახურა სრულად: მედიისთვისა და სადამკვირვებლოებისთვისაც" - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, თამთა კახიძე.
ამ მასალაში გიყვებით, რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე იქამდე, სანამ ნინო გალუსტაშვილი დღევანდელ პროცესს დახურავდა:
პირველი პროცესზე გამოიკითხა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი დავით ქიტიაშვილი, რომელმაც შსს-ს პრესცენტრიდან გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. საუბარია ირაკლი ქერაშვილის კადრებზე. ქერაშვილზე საუბრისას მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ კადრებში "დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული". აღნიშნული გააპროტესტა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. მისი თქმით, მოწმის ფუნქცია არაა შეაფასოს კადრები.

მისი თქმით, ჩანაწერები, რომელიც 17 თებერვალს გამოითხოვა, 2024 წლის პირველ დეკემბერსაა გადაღებული და მასში ჩანს ირაკლი ქერაშვილი. 20 თებერვალს გამოთხოვილ ჩანაწერში კი ჩანან გურამ მირცხულავა და ვალერი თეთრაშვილი, აღნიშნული ჩანაწერიც პირველ დეკემბერსაა გადაღებული.
გარდა ამისა მოწმეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები აქვს დანიშნული ანდრო ჭიჭინაძეზე და რუსლან სივაკოვზე.
მოწმის თქმით, კადრები უკვე დათვალიერებული იყო და საქმეში იდო სხვა პოლიციელების მხრიდან, მაგრამ მან დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, თავიდან გამოითხოვა და დაათვალიერა.
"მანამდე ქალბატონო ირმა [ჭკადუა], ეს კადრები არსებობდა, ტრიალებდა ნებისმიერ სოციალურ ქსელში, ტრიალებდა სხვადასხვა არხებზე, არ ვიცი საიდან, მე არ დამითვალიერებია ეს კადრები, თუმცა არის დათვალიერებული და საქმეში დევს ამის ოქმები, რომლებიც ემსახურებოდა პირების იდენტიფიცირებას, ხოლო შემდგომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოვიპოვეთ განჩინება, რომლის საფუძველზეც გამოვითხოვეთ კადრები და დავამატეთ საქმეს". - განაცხადა მოწმემ.
მოწმე ადვოკატების შეკითხვებს კონკრეტულ პასუხებს არ სცემს და ზოგადად საუბრობს, მათ შორის, ადვოკატების შეფასებით, არკვევს საპროცესო კოდექსსაც. მოწმემ გამოკითხვისას რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა, რომ "ასე კონკრეტულად ვერ უპასუხებს", მისი თქმით, მის პასუხებს ადვოკატები ინტერპრეტაციას უკეთებენ. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მოწმე თავად ინტერპრეტირებს პასუხის გაცემისას.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, სად ჩანდა კადრებში, რომ ლუკა ჯაბუა სამართალდამცველების მიმართულებით ისროდა საგანს. მომცემ შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა. მოწმის თქმით, ლუკა ჯაბუაზე ორი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაა დანიშნული, ადვოკატის რუსუდან აგურაშვილის თქმით, ერთი.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა, აღნიშნულ 8-წამიან კადრში 1-დან 3-წამამდე მონაკვეთში ჩანდა თუ არა პოლიციელი. მოწმემ თქვა, რომ ჩანს. საუბარია გადრში გამოჩენილ მკლავის მონაკვეთზე, სადაც რაიმე მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა არ არის, რომ პოლიციელია.
სასამართლო სხოდმაზე განცხადების უფლებით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემ და მოსამართლეს მიმართა მიიღოს ზომები, რომ მოწმემ კონკრეტული პასუხები გასცეს და დრო არ გააჭიანუროს.
"თქვენ არაერთხელ მიუთითეთ ადვოკატებს ის, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილად. ახლა ისმება კონკრეტული კითხვები და მოწმე არცერთ კონკრეტულ კითხვას, არცერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილად. ბატონო დავით, მოეშვით მორალური პედესტალიდან ლაპარაკს, იმიტომ რომ ამის უფლება თქვენ არ გაქვთ" - მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.
ამის შემდეგ მოსამართლე გალუსტაშვილმა ჭიჭინაძეს სიტყვა გააწყვეტინა და ერთ-ერთ ბრალდებულს ჯანო არჩაიას მიმართა, ფეხზე წამოაყენა და თქვენა, რომ ის ხშირად შედის პოლემიკაში და თუ ასე გაგრძელდება გააძევებს.
ამის შემდეგ ონისე ცხადაძემ მოსამართლეს მიმართა და უთხრა: "ბატონო მოსამართლე თქვენ არ გესმით, აქედან როგორი სასაცილოა ეს ყველაფერი".
მოგვიანებით ჭიჭინაძემ მიმართვა გააგრძელა:
"რატომ შეიქმნა ის პრობლემა კონკრეტულად ამ მოწმესთან, რომ კითხვები ან ვერ ესმის, ან არც ცემს პასუხს ან აბსოლუტურად სხვა რაღაცას ლაპარაკობს და დრო გადის. როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს ძვირფასი დრო არის თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. იქნებ რაღაცნაირად თქვენ მიუთითოთ, რომ კონკრეტულ კითხვას გაეცეს კონკრეტული პასუხი. უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაც მოლარული პედესტალიდან, ფამილიარულად, თითების ბაკუნით და ხელების ქნევით ეგეთი ლაპარაკი ყველას შეგვიძლია და არ ვაკეთებთ და არც არის სწორი და დიდი თხოვნა იქნება ან შეასწოროთ. შინაარსზე და განზრახვაზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, რა იფუთება და როგორ იფუთება არ ვეხები გამას ყველამ გადასარევად იცის რა ხდება და როგორ ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი" - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
მოწმემ გამოკითხვის დროს სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ახსენა, რომ ბრალდებულებს ქვა ეჭირათ ხელში. დადგენილებაში მას მითითებული გაქვს გაურკვეველი საგანი. ადვოკატებმა პოლიციელს ჰკითხეს რის საფუძველზე ამბობს რომ ქვაა, მოწმე ამბობს, რომ "ფიზიკის ელემენტარული კანონია".
"რომ მიზუსტებ აქ ქვას რა მტკიცებულების საფუძველზე ამბობ, რომ ქვაა?" - ეკითხება მას სივაკოვის ადვოკატი.
გარდა ამისა, მოწმე დადგენილებაში აღნიშნავს, რომ ბრალდებული პოლიციელების მიმართულებით ისვრიან საგნებს. ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა, რის საფუძველზე დასვა დადგენილებაში შეკითხვა აღნიშნული ფორმით, მისი თქმით, დათვალიერების ოქმის საფუძველი იყო.
"იყო რაღაც ხუმრობაც, გაღიმებაც, მე მგონი ყველანი ვხვდებით რომ ამ პროცესში სასაცილო ნამდვილად არაფერი არ არის და მეთანხმებით ალბათ ამაშიც და თქვენც აქ იმიტომ არ ხართ იმისთვის მოსული, რომ გაგეღიმოთ. მეთანხმებით ალბათ იმაშიც, რომ სრული სერიოზულობით უნდა გასცეთ პასუხი იმაზე რაც ნამდვილად იცით და ფიციც ამას გულისხმობს და არა შეფასებები" . - მიმართა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოწმე პოლიციელს.
აღნიშნულზე პროტესტი ჰქონდა ვაჟა თოდუას, რომელმაც თქვა რომ "მოწმეზე ზემოქმედებაა".
მიგინეიშვილი: დადგენილება ხომ ნამდვილად თქვენი დაწერილია, სადაც თქვენ ანდრო ჭიჭინაძის ვიდეოსთან დაკავშირებით დანიშნეთ ჰაბიტოსკოპოიური ექსპერტიზა. ვინმე სხვას ხომ არ დაუწერია ან უკარნახია თქვენთვის?
ქიტიაშვილი: დადგენილებაზე თუ დატანილია ჩემი ხელმოწერა, ვადასტურებ მის ავთენტურობას.
მიგინეიშვილი: თქვენ ამბობთ ამ დადგენილებაში, რომ "მოცისფრო ფერის ნაქსოვი ქუდით პოლიციელის მიმართულებით ისვრის ქვის მაგვარ საგანს და მოგრძო ზომის ჯოხის მაგვარ საგანს. იგივე პრინციპით არის ეს? ანუ არა ვიდეოს ნახვის, არამედ სხვის მიერ შექმნილი დათვალიერების ოქმის საფუძველზე ამბობთ ამას? ეს როდესაც დაწერეთ საფუძველი რა იყო თქვენთვის?
ქიტიაშვილი: აღნიშნული ვიდეოს დათვალიერების ოქმი.
მიგინეიშვილი: თქვენ როგორც გამომძიებელს გაქვთ ვალდებულება, რომ გამოძიება აწარმოოთ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად და ამ ჩანაწერს იცნობთ, ხომ ასეა?
ქიტიაშვილი: დიახ.
მიგინეიშვილი: როდესაც ეს დათვალიერების ოქმი ნახეთ, სადაც წერია, რომ ისვრის ქვის მაგვარ საგანს და მოგრძო ზომის ჯოხს, თქვენ, როგორც გამომძიებელს, რომელიც საქმეზე ობიექტურ გამოძიებას აწარმოებთ, ჰაბიტოსკოპოიურის გარდა არ გაგიჩნდათ კითხვა, რომ მოდი ესეც გამოვიკვლიოთ და ექსპერტიზა დავნიშნოთ. თქვენ ამის მიუხედავად მიდასტურებთ თუ არა იმას, რომ მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა გაქვთ დანიშნული, კი ან არა?
ქიტიაშვილი: არა, ასე კი და არას ვერ გაგცემთ.
ამის შემდეგ მიგინეიშვილმა მოწმეს შეკითვა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რაზეც ქიტიაშვილმა თქვა, რომ ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით მხოლოდ ჰაბიტოსკოპოიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული.
მიგინეიშვილმა მოწმეს ასევე ჰკითხა, ნახა თუ არა ვინმე, ვინც ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დააზიანა. მიგინეიშვილმა განუმარტა, რომ აღნიშნულ შეკითხვას იმიტომ უსვამს, რომ ქიტიაშვილი დადგენილებაში წერს, რომ ჭიჭინაძემ პოლიციის მისამართით ისროლა საგანი. მიგინეიშვილი მოწმე პოლიციელისგან ითხოვდა რომ კონკრეტულ პასუხს, რაზეც მოწმემ თქვა რომ არ ახსოვს.
აღნიშნულის შემდეგ, მოწმეს შეკითხევი დაუსვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ, კონკრეტულ შეკითვებზე მოწმის ზოგადმა პასუხებმა ფურცელაძის გაღიზიანება გამოიწვია. ფურცელაძემ ქიტიაშვილს მიუთითა, რომ საქმეზე მოწმედაა წარმოდგენილი და შეკითხვების პასუხი უნდა გასცეს.
გარდა ამისა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი ინციტენტი მოხდა, ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა პროტესტი გამოთქვა მოწმის მიერ ტელეფონის გამოყენებაზე. ჩომახაშვილის განცხადებით, როდესაც მოწმეს შეკითხვას უსვამდა, ქიტიაშვილი და პროკურორი ვაჟა თოდუა ტელეფონში ერთდროულად იყურებოდნენ, ჩომახაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ პასუხებზე მოწმე მითითებებს პროკურატურისგან იღებს.
ჩომახაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის სასამართლო პოზიციის დაფიქსირება და სხდომის ოქმში იმის ასახვა მოსთხოვა, რომ მის მიერ დაკითხვის დროს მოწმე ტელეფონს იყენებდა, ასევე მოითხოვა, რომ სხდომის ოქმში აისახოს გაფრთხილება მოწმის მიმართ. გალუსტაშვილის თქმით, მოწმეს უკვე გაცემული ჰქონდა ჩომახაშვილის შეკითვაზე პასუხი, თუმცა სასამართლო გაითვალისწინებს, რომ აღნიშნული აღარ განმეორდეს.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მოწმეს და მოსამართლეს მიმართა ანდრო ჭიჭინაძემაც:
"ბატონ დავითთან მაქვს კითხვა, რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს, როდესაც მოწმე სასამართლოზე არის მოსული, უნდა გადაწყვიტოს ადამიანების ბედი, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს და რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს იმის, რომ რამდენიმესაათიან, მნიშვნელოვან პროცესში მოწმე იყურებოდეს ტელეფონში ძალიან ხშირად. მე უბრალოდ არ ვიცოდი ამის უფლება ჰქონდა თუ არა როგორც აღნიშნეს ადვოკატებმა და როგორც აღმოჩნდა, ამის უფლება არ ჰქონდა და მეც რომ გავაანალიზე მივხვდი, რომ წესით ნამდვილად არ შეიძლება. მითხარით მიზეზი და მიზანი. და სამწუხაროდ, ბატონო მოსამართლე თქვენგან შესაბამისი რეაგირება რატომღაც ვერ დავინახე და ძალიან გული მტკივა, იმიტომ, რომ პირველად დამრჩა თქვენზე ასეთი შთაბეჭდილება" - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
აღნიშნულზე მოწმემ თქვა, რომ მაშინაც, როდესაც ადნრო ჭიჭინაძე შეკითხვას უსვამა, უფროსი ურეკავდა და გაუთიშა. მისი თქმით, მისდამი პატივისცემის ნიშნად, "მესიჯიც კი არ მიწერა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა".
"როგორ უნდა დამრჩეს ობიექტურობის შეგრძნება და განცდა, როდესაც არ ვიცი ახლა, ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს, თუ არ ამბობს. მე შემიძლია, ვილაპარაკო ფაქტით, როდესაც ბატონმა ვაჟამ და ბატონმა დავითმა სინქრონში, დღეს ალბათ 5-ჯერ, 6-ჯერ სინქრონში აიღეს ტელეფონი". - თქვა ჭიჭინაძემ.
მოსამართლე ნინო გალისტაშვილის განცხადებით, გააკონტროლებს რომ მომდევნო პროცესებზე მანდატურებმა მოწმეები გააფრთხილონ ტელეფონებს ხმა გამოურთონ.
"წარმოდგენილ შემთხვევაში ბატონო ანდრო თქვენ ბრძანეთ რომ ბრალდების მხარის მხრიდან რამდენჯერმე მოხდა ტელეფონის აღება, დაცვის მხარეც იყენებს ტელეფონს და ამიტომ განვმარტე წეღან, რომ როცა გაჟღერდა სასამართლომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა" - თქვა მოსამართლე გალუსტაშვილმა.
"ეს ბრალდების მოწმეა, ამასაც ხო მნიშვნელობა აქვს, ბრალდების მოწმე აიღებს და პროკურორი თუ ადვოკატი ტელეფონს, ამას ხო მნიშვნელობა აქვს" . - უპასუხა ანდრო ჭიჭინაძემ.
აღნიშნულის შემდეგ მოწმის გამოკითხვა დასრულდა.
"წარმოდგენილმა მოწმემ, რომელმაც ახლა დატოვა პროცესი, მგონი ყველამ დავინახეთ, რომ პასუხებს სცემდა აბსოლუტურად სხვას, რა კითხვაც ისმოდა, აბსოლუტურად სხვა პასუხებს იძლეოდა და თვითონვე ამბობდა, რომ მე ამ განმარტებას ვაკეთებ იმიტომ, რომ ტელევიზია იღებს, ხალხია და ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ უფრო გასაგები გახდეს. კიდევ ერთხელ მინდა, რომ დავაფიქსირო, რაც ვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი, ერთადერთ რამეს ემსახურება ეს: ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიყვანონ შეცდომაში. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანს უნდა ობიექტურად სიმართლის დადგენა, უნდა გასცეს იმ კითხვებს კონრეტული პასუხები, რასაც ეკითხებიან. არავის არაფერი დასამალი არ უნდა ჰქონდეს და რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი პასუხები არ უნდა გასცეს. როგორც ვთქვი, ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში" - თქვა ჭიჭინაძემ.
შემდეგ სიტყვით ისარგებლა ონისე ცხადაძემაც.
მეორე მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა თბილისის მერიის თანამშრომელი გიორგი ჟორჟოლიანია, რომელმაც რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე აქციების შემდგომი დაზიანებები აღწერა.

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გიორგი ჟორჟოლიანს ჰკითხა: "დღეს რისთვის მოხვედით თქვენ აქ რა გითხრეს, ესენი არიან ის ადამიანები ვინც თქვენ დაგაზიანათო, თქვენი ინვენტარიო?"
მოწმემ ჭკადუას უპასუხა: "არა, მაგას როგორ ვიტყვი, ვერც უარვყოფ, ვერც დავადასტურებ, ვინც დააზიანა, ჩემი საქმე არაა ამ შემთხვევაში".
შემდეგ გამოიკითხა კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი მალხაზ შაშვიაშვილი, რომელიც ასევე მოწმეა აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეშიც. შაშვიაშვილისთვის ბრალდების მხარეს დღეს შეკითხვები არ დაუსვამს. მისი გამოკითხვა მალევე დასრულდა.
შემდეგ გამოიკითხა გამომძიებელი გიორგი მაჭარაშვილი, ასევე მოწმე 8 პირის საქმეში. მან დაათვალიერა გიორგი ტერიშვილის კადრები და დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
მოწმის თქმით, მის მიერ დათვალიერებული კადრები ნახა ინფორმაციულ პატაკში მითითებულ ბმულზე. კადრები ატვირთული ჰქონდა Facebook-მომხმარებელს ვინმე ტატო მაისურაძეს.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოწმეს ჰკითხა, იცოდა თუ არა რომ ტატო მაისურაძე ნამდვილი პიროვნება იყო, ან ამ ადამიანს ნამდვილად ტატო მაისურაძე ერქვა თუ არა. რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი თქმით, ვერ მიწერა ამ ადამიანს, რადგან მესიჯების მიწერის ფუნქცია გამორთული ჰქონდა.
"ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენება, მაგრამ ვერ მოხერხდა დადგენა" - თქვა მოწმემ და დაამატა, რომ აღნიშნული პირი შსს-ს ბაზაშიც მოძებნა, მაგრამ ვერ იპოვა.
მნიშნელოვანი დეტალია ისიც, რომ აღნიშნული Facebook-პროფილი ფიგურირებს ასევე საბა სხვიტარიძის საქმეშიც.
ჩომახაშვილი: რამდენი ტატო მაისურაძე ამოაგდო ბაზაში?
მაჭარაშვილი: ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 20-30.
ჩომახაშვილი: ყველას დაურეკეთ?
მაჭარაშვილი: ზარი არ განმიხორციელებია.
ჩომახაშვილი: ერთს მაინც დაურეკეთ?
მაჭარაშვილი: არა.
მოწმემ დღევანდელ პროცესზე ასევე დაადასტურა, რომ ექსპერტისთვის არ დაუსვამს შეკითხვა, აღენიშნებოდა თუ არა კადრებს მონტაჟის კვალი. ასევე არ უკითხავს, რა საგანი ჩანდა კადრებში.
ადვოკატმა ასევე ჰკითხა, ჩანან თუ არა მის მიერ დათვალიერებულ კადრებში პოლიციელები, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
მოწმემ პროცესზე ასევე თქვა, რომ აღნიშნული კადრები, რაც Facebook-პროფილი ტატო მაისურაძედან ჩამოიწერა, ხვდებოდა სხვადასხვა ტელეკომპანიის ლეივ რეჟმში, გადაიცემოდა. ოქმში მას მითითებული აქვს, რომ ვიდეოჩანაწერზე იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ლოგო.
ამის შემდეგ ადვოკატმა მას მიმართა, რომ "იცოდით ტელეკომპანია, კონკრეტული დრო და ლოგო, იცოდით, რომ ინახებოდა პირდაპირი ეთერის კადრები და მაინც შეხვედით გაურკვეველ გვერდზე და ჩამოწერეთ ვიდეო?". მან მოწმეს ჰკითხა, მიმართა თუ არა კონკრეტულ ტელეკომპანიას და გამოითხოვა კადრები, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
"თქვენ ამ საღამოს სახლში რომ მიბრძანდებით, ინტერნეტში რომ შეხვალთ, იგივე მაისურაძის დადებული 20-წამიანი კადრი რომ ნახოთ, სიტყვაზე ვაჟა თოდუა, რომ ესვრის ვიღაცას, კლავს დაიწყებთ თუ არა გამოძიებას?" - მიმართა ჯანო არჩაიამ მოწმე პოლიციელს, გიორგი მაჭარაშვილს.
მისი სახელის ხსენების შემდეგ, აღნიშნული გააპროტესტა პროკურომა ვაჟა თოდუამ - "ძალიან გთხოვთ, შედარებისთვის ნუ მოგყავთ მაგალითები" - თქვა თოდუამ.
მოსამართლემ არჩაიას შეკითხვა განარიდა. აღნიშნულის შემდეგ მაჭარაშვილის გამოკითხვა დასრულდა. გალუსტაშვილმა სხდომა დახურა.
სხდომის დახურვის შემდეგ, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გალუსტაშვილმა ივნისის თვეში დამატებითი პროცესები დანიშნა.
"მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მიუხედავად სინდისის პატიმრების საქმეზე ივლისის თვეში ჩანიშნული პროცესებისა, ადვოკატებთან შეთანხმების გარეშე, იძულების წესით, ივნისის თვეშიც ამატებს რამდენიმე სასამართლო სხდომას" - დაწერა მიგინეიშვილმა.
აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გრძელდება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





