ივანიშვილის დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შევა.
კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით, გრანტის ცნება დამატებით ზუსტდება და ტექნიკური თუ საექსპორტო დახმარება, ცოდნის გაზიარება უცხოურ გრანტად ჩაითვლება.
"შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად". - თქვა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შევიდა.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.





