უცხოური გრანტები

იურიდიულ კომიტეტზე გრანტების კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს ივანიშვილის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ სხდომაზე თქვა, რომ თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან ერთად, მთავრობას ექნება რომ არა მარტო გრანტის ხელშეკრულებაზე, არამედ წვდომის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც საჭირო იქნება "ამ საკითხის განხილვის ფარგლებში" და ანტიკორუფციულ ბიუროს შეეძლება ინდივიდის "მიღებული სახსრების" შემოწმება და თუკი "ეს აღმოჩნდება გრანტი" დაიწყება "ის პროცედურა, რომელიც კანონპროექტით არის შემოთავაზებული".

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კომენტარები