თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავბეული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა.
სხდომაზე პირველი გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე გამოიკითხა, რომელმაც დააკავა ერთ-ერთი ბრალდებული ვასილ კაძელაშვილი, ასევე დაათავალიერა თორნიკე გოშაძის კადრები და მასზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩანიშნა. ნიჟარაძე ასევე ფიგურირებს 11 პირის საქმეშიც.

ნიჟარაძის თქმით, ვასილ კაძელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
რაც შეეხება თორნიკე გოშაძეს ნიჟარაძის თქმით, ინფომრაციული პატაკიდან გაიგო, რომ თორნიკე გოშაძე რუსთაველის გამზირდე, სავარაუდო სამართალდარღვევას ჩადიოდა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეთა სამმართველოს ერთ-ერთმა დეტექტივმა, გიორგი ჯიქიამ მიიღო აღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია, რაც მოახსენა თავის ხელმძღვანელობას. [...] ვიდეოს [რომლის დათვალიერებაც განახორციელა] შესაბამისი ლინკი ასახული იყო ინფორმაციულ პატაკში. აღნიშნული ლინკის გახსნისას აღმოჩნდა ვინმე ბექა კასრაძის დარეგისტრირებულ Fcebook პროფილზე, განთავსებული იყო, სავარაუდოდ, თორნიკე გოშაძის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი რუსთაველის გამზირზე." - განაცხადა ნიჟარაძემ.
ადვოკატმა მას ჰკითხა თუ დაინტერესდა ვინ იყო ბექა კასრაძე, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ დაინტერესდნენ, "თუმცა მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა". ადვოკატის ჩაკითხვაზე, რაში გამოიხატა დაინტერესება, მოწმემ უპასუხა:
"დათვალიერდა მისი პროფილი, სადაც მას ისეთი ფოტო ედო სადაც რაიმე მაიდენტიფიცირებადი ნიშანი არ ჩანდა. ჰქონდა ზოგადი შინაარსის პოსტები გაზიარებული. იმ მომენტისთვის, როდესაც მე ვათვალიერებდი ბექა კასრაძისთვის მესიჯის მიწერის ფუნქცია გათიშული ჰქონდა". - თქვა მოწმემ.
მისივე თქმით, შსს-ს ბაზაშიც "მოიძიეს ბექა კასრაძები", მაგრამ ვერ დადგინდა აღნიშნული პროფილის მფლობელის ვინაობა.
მოწმის თქმით, აღნიშნულ გარემოებებზე ცალკე ოქმები არ შეუდგენია.
გარდა ამისა, მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ მას არ გამოუძიებია იყო თუ არა ავთენტური დაუმონტაჟებელი თორნიკე გოშაძის კადრები. ადვოკატმა მას ჰკითხა, რატომ არ დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ნიჟარაძის თქმით, იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა აღნიშნული პირი თორნიკე გოშაძე.
პროცესზე მეორე მალხაზ შაშვიაშვილი გამოიკითხა, რომლის გამოკითხვაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, დაცის მხარეს მისთვის შეკითხვები არ დაუსვამს. მისი თქმით, მან გამოკითხა გამომძიებელი გიორგი ჯიქია.

შემდეგ გამოიკითხა გამომძიებელი გიორგი მაჭარაშვილი, რომელმაც, მისი თქმით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, დაათვალიერა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ვიდეოჩანაწერები, ასევე დააკავა ვეფხია კასრაძე.

"2024 წლის 4 დეკემბერს ღამის საათებში, სანამ ჩავატარებდი საგამოძიებო მოქმედებას, დათვალიერებას, ჩემი თანამშრომლის მიერ მიღებული ინფორმაციული პატაკის საფუძველზე ჩემს მიერ გახსნილი იქნა შესაბამისი ლინკი, რაც არის აღნიშნული ინფორმაციულ პატაკში. ამ ლინკით გადავედით "იუთუბზე", სადაც კონკრეტულ მომხმარებელს დადებული ჰქონდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩემს მიერ იქნა დათვალიერებული. აღნიშნულ ვიდეოს ქართული ასოებით ჰქონდა სახელწოდება - "რატომ მოაწყვეს ჯოჯოხეთი აქტივისტებმა".
ვიდეოს გახსნისას კადრში გამოჩნდა, რუსთაველის გამზირი, თეატრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყვნენ აქციის მონაწილეები. კადრში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა პიროტექნიკა გარბოდა მის წინ არსებული სივრცისკენ და შსს-ს თანამშრომლების მისამართით გაისროლა რამდენჯერმე ფეიერვერკი". - თქვა მოწმემ.
მისი თქმით, ტანსაცმლისა და ფიზიკური აღწერილობიდან გამომდინარე, ოქმში მიუთითა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რის შესახებაც ინფორმაცია და ფოტოსურათი ინფორმაციული პატაკიდან ჰქონდა.
მოწმის თქმით, კონკრეტულ 25-წამიან ვიდეოში პოლიციის თანამშრომლები არ ჩანან, თუნდა გამოთხოვილია სხვა ვიდეო ამასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ გამოუთხოვია.
მოგვიანებით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს საქმეში არსებული აღნიშნული ვიდეო აჩვენა, სადაც არ ჩანან სამართალდამცველები. ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა: "სად ჩანან აქ სამართალდამცველები?". რაზეც მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ "წეღანაც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში სამართალდამცველები არ ჩანან".
მოწმის თქმით, ვიდეოზე არ ჩანს თარიღი, როდისაა ის გადაღებული. ადვოკატი ავსაჯანიშვილი მოწმეს ჩაეკითხა, როდის ნახა სრული ვიდეომასალა, რაზეც მჭედლიშვილმა უპასუხა, რომ ჩანაწერი არ უნახავს.
ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მოწმე გამომძიებელს ჰკითხა: - გვაქვს თუ არა უფლება დათვალიერების ოქმში ავსახოთ ჩვენი ვარაუდი? რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ "ობიექტურ შეფასება" უნდა იყოს. მაჭარაშვილს დათვალიერების ოქმში მითითებული აქვს, რომ "ისროდა პოლიციის მიმართულებით". ადვოკატების განცხადებით, ეს გამომძიებლის ვარაუდია, რაც ოქმში მითითებული არ უნდა იყოს, რადგან საპროცესო კოდექსის დარღვევაა.
რაც შეეხება ვეფხია კასრაძის საქმეს, მაჭარაშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელმაც ვეფხია კასრაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
მოწმეს შეკითხვები დაუსვა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემაც.
კასრაძე: თქვენ იმყოფებოდით, ჩემი სახლის ჩხრეკაზე ბრძანებთ ხო?
მოწმე: დიახ.
კასრაძე: ვინ იყვნენ კიდევ სახლში?
მოწმე: თქვენი მეუღლე მახსოვს მე, თქვენი მეუღლე იმყოფებოდა.
კასრაძე: კიდევ არავინ იყო სახლში?
მოწმე: პოლიციის თანამშრომლები ვიყავით და კიდევ თქვენი მეუღლე.
კასრაძე: თქვენ ცრუობთ ბატონო გიორგი. ჩემი მეუღლე აქაა დარბაზში, პირველ რიგში ზის შეგიძლიათ ამოიცნოთ?
მოსამართლის განცხადებით, სხდომაზე საპროცესო მოქმედებას ვერ ჩაატარებენ და შეკითხვა განარიდა.
კასრაძემ მოწმეს სახლის აღწერა სთხოვა, რაზეც მჭედლიშვილმა თქვა, რომ არ ახსოვს. "თქვენ ცრუმოწმე ბრძანებით, ბატონო გიორგი, და თქვენნაირი ცრუმოწმეები ძალიან გთხოვთ ნუ მობრძანებით. 7 წლის ბავშვმა ისე ააცალა ლეპტოპი ვერ გაიგეს, რა გინდათ თქვენ პოლიციაში საერთოდ?" - მიმართა კასრაძემ მჭედლიშვილს.
კასრაძის სახლის ჩხრეკას ნეიტრალური მოწმე არ დასწრებია, არ გადაღებულა. მისი თქმით, ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაზე გადაწყვეტილება თავად პირადად მიიღო, რადგან "გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტარდებოდა".
დღევანდელ პროცესზე მეოთხე მოწმე გიორგი მხეიძე იყო, რომელმაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი დააკავა. ასევე გაჩხრიკა პირადად და გაჩხრიკა მისი სახლიც.

მხეიძემ გამოკითხა დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ასევე მისი ძმა ლუკა ჯავახიშვილი. გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები.
"ნიკოლოზ ჯავახიშვილს ზურგჩანთა უკვე მოკიდებული ჰქონდა, ხელში ეკავა ტელეფონები, 2. ჩანთაში ედო ნიღაბი, დროშა და კუბოკრული ქურთუკი". - თქვა მოწმემ.
ადვოკატი ავსაჯანიშვილი მოწმეს ჩაეკითხა, რატომ ამოიღო საქართველოს დროშა, მიიჩნია თუ არა სავარაუდო დანაშაულისთვის მტკიცებულებად, რაზეც მოწმემ თქვა, რომ "საჭირად მიიჩნია ამოეღო".
მისი თქმით, იმ ოთახში, სადაც ჯავახიშვილი დააკავა, არავინ იყო პოლიციელების და ჯავახიშვილის გარდა. ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მხეიძეს ჰკითხა აუკრძალეს თუ არა იმ ოთახში, სადაც ჯავახიშვილზე ძალადობა მიმდინარეობდა, შესვლა სახლში მყოფ ახალგაზრდა ბიჭს. რაზეც მხეიძემ თქვა "ჯავახიშვილზე ძალადობა არასოდეს, არსად არცერთ მომენტში არ ყოფილა". სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯავახიშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება აქვს დაწყებული.
მოწმის თქმით, ოთახში სადაც ჯავახიშვილი გამოკითხეს, კამერები არ ყოფილა.
ჯავახიშვილმა მოწმეს ჰკითხა: "თქვენი კოლეგები ჩემზე რომ ძალადობდნენ ერთ ოთახში დაკავების დროს და შემდეგ განყოფილებაში იცით?"
"ეს ყველაფერი რქასაც თქვენ იძახით არის მტკნარი სიცრუე, ისე, რომ მე გიყურებთ ახლა თქვენ თავლებში, თქვენ მე და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის უსინდისობა თქვენი მხრიდან" . - უპასუხა მხეიძემ.
აღნიშნულს დარბაზში მყოფების პროტესტი მოჰყვა - "უსინდისო ხარ შენ, როგორ ბედავ" - მიმართა მოწმე პოლიციელს ვეფხია კასრაძემ.
"ბატონო გიორგი, ეს არის უპატივცემულობა პირველ რიგში, სასამართლოსი და შემდეგ უკვე საკუთარი თავის, რა ხდება? სად ხართ ვერ გავიგე ერთი. რა არის ეს, მოწმე ხართ და ვალდებული ხართ ყველანაირად შეიკავოთ თავი". - მიმართა მოწმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა.
მოსამართლემ აღნიშნულის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, მოგვიანებით კი სხდომა გადადო.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





