რეჟიმის პატიმრები

11 პირის საქმე – გამოიკითხა გამომძიებელი, რომელმაც ვიდეოჩანაწერები გამოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. საქმეზე იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. 

დღევალდელ სხდომაზე გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე გამოიკითხა. ნიჟარაძე ის პირია, რომელმაც შსს-ს სტრატკომისგან ვიდეოჩანაწერები გამოითხოვა, დაათვალიერა და მათზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა. საუბარია რევაზ კიკნაძის, ირაკლი ქერაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ავთანდილ ჭედიასა და სერგეი კუხარჩუკის ვიდეოკადრებზე. 

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისგან გამოთხოვილი მაქვს ინფორმაცია, კერძოდ ვიდეოჩანაწერების სახით, რომელშიც ასახული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ქმედება შსს-ს თანამშრომლების მიმართ. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდებოდა რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ავთანდილ ჭედია და სერგეი კუხარჩუკი" - განაცხადა ნიჟარაძემ. 

მისი თქმით, სტრატკომიდან კადრები 2024 წლის 5 დეკემბერს გამოითხოვა. აღნიშნული კადრები მან მის კოლეგა გიორგი ჩხეიძესთან და შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელთან ანა ბარაბაძესთან ერთად დაათვალიერა. საუბარია 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით მოპოვებულ ჩანაწერებზე.

მისი თქმით, კადრებიდან ნახა რომ კუხარჩუკი და ჭედია შსს-ს წარმომადგენლების მისამართით ისროდნენ "ზოგი ქვებს, ზოგი ფეიერვერკებს და სხვადასხვა მყარ საგნებს".

პროკურორმა ნიჟარაძეს კითხა, როგორ მოახერხა მონაწილე პირების იდენტიფიცირება, მოწმის განცხადებით, აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა.

"ექსპერტიზის დანიშვნამდე, უფროსმა დეტექტივმა, გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებები მონაწილეობდნენ უშუალოდ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ შესაბამისად მათი ანკეტური მონაცემები, ფოტოსურათები შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან უკვე გვქონდა, როცა გადავედით შსს-ს სტრატკომში, იქ მოვახდინეთ სავარაუდო იდენტიფიცირება, რაც უკვე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა" . - განაცხადა მოწმემ.

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გამომძიებელს ჰკითხა, ჩაატარა თუ არა ამოცნობის პროცედურა, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ ანკეტების საფუძველზე ამოიცნო ისინი.

მოწმის თქმით, ყველა ვიდეომასა პირადად, მარტომ შეისწავალა. ნიჟარაძის განცხადებით, მასალები ამოიღო შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლის ანა ბარაბაძესთან ერთად. ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, აღნიშნული საპროცესო კოდექსის დარღვევაა. გარდა ამისა, გამომძიებლის განცხადებით, ვიდეომასალების შემქმნელი, მასალების ამღებიდან 3 თვის შემდეგ გამოჰკითხა. 

რევაზ კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა, კიკნაძეს ვიდეო ჩანაწერზე დრო იყო თუ არა მითითებული, როდის ხდებოდა აღნიშნული მოქმედება, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ ვიდეოზე თარირი მითითებული არ იყო. 

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა არჩილ ჩომახაშვილმა მოწმეს სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოკადრები აჩვენა, სადაც ჩანს როგორ ისვრის სამართალდამცველი მომიტინგეების მისამართით, სავარაუდოდ, ქვას. მოწმის განცხადებით, ვიდეო ეცნობა. ნიჟარაძემ ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული საქმის მასალებშიც დევს, მაგრამ ვერ დაადასტურებს რა საგანს ისვრის. მოწმე პოლიციელმა დღევანდელ პროცესზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბრალდებულები ისროდნენ ქვებს.

ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა,  რევაზ აჭარაძემ მოწმეს ჰკითხა კონკრეტულად რა ჩანს ვიდეომასალაში, რომელიც ირაკლი ქარაშვილთან დაკავშირებით საქმეში დევს. გამომძიებლის განცხადებით, მასალა იყო მოცულობითი, კადრები სხვა ნაწილზე გადადიოდა და ამის გამო მხოლოდ ქმედების ამსახველი მონაკვეთი ამოიღო. თუმცა საქმეში არსებულ კადრებში მხოლოდ ფეიერვერკის გასროლის მომენტში ჩანს, მიმართულება და ხვდება თუ არა ის სამართალდამცველს აღბეჭდილი არაა. 

აჭარაძე: - პატაკში იყო მითითებული სავარაუდო სისხლისსამართლებრივი დანაშაული. ფეიერვერკის სროლა ცალკე აღებული ხომ არ არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება, მით უმეტეს, მაგ მომენტში ადმინისტრაციულადაც არ ისჯებოდა, როგორც მახსოვს.  ფეიერვერკის გასროლის მომენტი რატომ იყო გამოძიებისთვის საინტერესო? გამოძიებისთვის საინტერესო ხომ არის თუკი ჩაიდინა ადამიანმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამის ამსახველი გამოგეთხოვათ? 
ნიჟარაძე: - ფეიერვერკის გასროლა ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად?
აჭარაძე: - რა მნიშვნელობა აქვს?
ნიჟარაძე: - როგორ არ აქვს. 
აჭარაძე: - ამ ვიდეოში სად ჩანს, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არის გასროლილი?
ნიჟარაძე: - მაგ 4-წამიანში, არ მახსოვს, შეიძლება არ ჩანდეს.

მისი თქმით, კონკრეტულად ამ 4 წამის ამოჭრის გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან "საქმისთვის მნიშვნელოვნად" ეს ნაწილი ჩათვალა.

გარდა ამისა, მოწმის განცხადებით სერგეი კუხარჩუხის საქმეზეც მხოლოდ მოკლე მონაკვეთი ჩადო საქმის მასალებს, მხოლოდ ის მომენტი სადაც ჩანს რომ კუხარჩუკი გარკვეულ საგანს ისვრის, მაგრამ რა მიმართულებით არა.

ამასთანავე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მომდევნო სხდომების გრაფიკიც გაწერა: 10 ივნისი; 13 ივნისი; 30 ივნისი; 1 ივლისი; 4 ივლისი; 7 ივლისი; 9 ივლისი; 11 ივლისი; 15 ივლისი; 17 ივლისი; 21 ივლისი; 22 ივლისი; 23 ივლისი; 24 ივლისი; 25 ივლისი; 29 ივლისი და 31 ივლისი. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებზე 11:00 საათიდან დღის ბოლომდე იმუშავებენ.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე გამოიკითხა, ბრალდების მხარის მეორე მოწმე არ გამოცხადებულა.

აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები