ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

კაცი: ანტისემიტ გრეტას და მის მეგობრებს ვეუბნები – უკან გაბრუნდით, ღაზამდე ვერ მიაღწევთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, მან არმიას უბრძანა, რომ ისრაელის ბლოკადის დარღვევის საშუალება არ მისცენ შვედი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის ნავს, რომლის მისიაც ღაზის სექტორამდე ჩაღწევაა. 

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ არის ორგანიზებული. ხომალდზე მყოფ 12 აქტივისტს შორის ტუნბერგი, ასევე ბრაზილიელი აქტივისტი ტიეგო ავილა და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანი არიან. 

"მე IDF-ს მივუთითე, ისე იმოქმედონ, რომ Madleen-მა ღაზამდე ვერ მიაღწიოს. ანტისემიტ გრეტასა და მის მეგობრებს გარკვევით ვეუბნები: უკან უნდა გაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ," - განაცხადა კაცმა. 

"ისრაელის სახელმწიფო არავის მისცემს საშუალებას, დაარღვიოს ღაზაზე არსებული საზღვაო ბლოკადა, რომლის უპირველესი მიზანიც შეიარაღების მიწოდების აღკვეთაა ჰამასისთვის - მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის, რომელსაც ჩვენი მძევლები ჰყავს და რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის," - დაამატა მან. 

კომენტარები