აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ცნობები, რომ სენატს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის შემსუბუქება სთხოვა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. მისივე თქმით, სენატი მას გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს.
ამის შესახებ ტრამპმა თვითმფრინავზე ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"არა, ამაზე არ მილაპარაკია. მათ აქვთ კანონპროექტი, ჩემი გადასაწყვეტი იქნება, ჩემი შესაძლებლობაა. ასე გააკეთეს და ძალიან დიდ დროს დაზოგავენ თუ ეს მოხდება. ამიტომ, პრობლემა არ მაქვს. არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიყენებ. ძალიან ძლიერი კანონპროექტია". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სანქციებს დააწესებს.
"ვნახავთ. თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი არ აპირებს შეთანხმებას ან სისხლისღვრის შეწყვეტას [...] გამოვიყენებ, თუ საჭირო იქნება და ამის შესაძლებლობა რეალურად მომცეს". - თქვა ტრამპმა.
მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სპონსორს, სენატორ ლინდსი გრემს მის შემსუბუქებას სთხოვდა.
გამოცემა წერდა, რომ ადმინისტრაციამ გრემს კანონპროექტში ფორმულირების შერბილება სთხოვა. როგორც გამოცემის წყაროები ამბობდნენ, ადმინისტრაციამ გრემს კანონპროექტში ისეთი წინადადებების ჩამატება სთხოვა, რომლებიც პრეზიდენტს სანქცირებული სამიზნეების არჩევის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, WSJ-ის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ კანონპროექტში სავალდებულო ხასიათის ფორმულირება შეიცვალოს და პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მისცეს.
1-ელ აპრილს აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს. ამჟამინდელი მონაცემებით, 100-წევრიან სენატში აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორი სენატორების რაოდენობა 82-ს აღწევს.
რესპუბლიკელი ლინდსი გრემისა და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენთალის თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი იმპორტზე 500%-იან ტარიფებს გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ, თუკი რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებებს შეაფერხებს ან მომავალში უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.
30 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორები, გრემი და ბლუმენთალი, კიევშიც ჩავიდნენ, სადაც ლინდსი გრემმა ყველა ევროპელ მოკავშირეს მოუწოდა, რომ "ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან - გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ."
3 ივნისს კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმაც.
"მრავალი კონგრესმენია, რომელსაც უნდა, რომ რუსეთი რაც შეიძლება ძლიერად დავასანქციროთ და მე ამის მომხრე ვარ," უთხრა ჯონსონმა რეპორტიორებს.
4 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით "დამამძიმებელი" სანქციების დაწესების კანონპროექტი მზადაა.





