დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს შორის ერთ დროს მეტად მჭიდრო ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა – ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრამპის მიერ მხარდაჭერილი "დიდი, ლამაზი" კანონპროექტია, რომელიც საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმებს მოიცავს. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა ტრამპსა და მასკს შორის თავდაპირველად უწყინარ უთანხმოებად აღიქმებოდა, გადასახადების შემცირებას და გარკვეულ სფეროებში (თავდაცვა, სასაზღვრო დაცვა) მთავრობის დანახარჯების ზრდას, ხოლო დანარჩენში (სუფთა ენერგია, ელექტრომობილების სუბსიდიები) – შემცირებას ითვალისწინებს. 

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ილონ მასკი, რომელმაც ტრამპის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის $300 მილიონამდე დახარჯა, ფიქრობდა, რომ კანონპროექტი სინამდვილეში ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გამოიწვევდა. 

კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატა უკვე გაიარა – მას რესპუბლიკელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი; დემოკრატებისგან – არავინ. კანონპროექტის კრიტიკაში მასკს მხარდაჭერა რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა და მაიკ ლიმ გამოუცხადეს. 

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის საჯარო კონფლიქტი 3 ივნისს დაიწყო, როდესაც მასკმა X-ზე ტრამპის კანონპროექტი გააკრიტიკა და მას "გულისამრევი საშინელება" უწოდა. 

"ეს უზარმაზარი, აღმაშფოთებელი, ხარჯებით გავსებული კონგრესის კანონპროექტი გულისამრევი საშინელებაა. სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით. იცით ეს". - წერდა მასკი X-ზე. 

ამ პერიოდში ტრამპი ჯერ კიდევ თავს იკავებდა მასკის პოზიციის შესახებ საჯარო კომენტარის გაკეთებისგან. თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა 3 ივნისს გამართულ პრესბრიფინგზე გაახმოვანა. 

"პრეზიდენტმა უკვე იცოდა, თუ რას ფიქრობდა ილონ მასკი ამ კანონპროექტზე. ეს არ ცვლის პრეზიდენტის მოსაზრებას. ეს ერთი დიდი, ლამაზი კანონპროექტია და [პრეზიდენტი] მისი მხარდამჭერი რჩება". - ამბობდა ლივიტი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. 

აღსანიშნავია, რომ მასკის მხრიდან სიტყვიერ თავდასხმას რესპუბლიკელი კონგრესმენების კანონპროექტზე წინ უძღოდა 30 მაისს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც მასკის მიერ, DOGE-ის ხელმძღვანელად 129 დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების აღსანიშნავად ჩატარდა. ამ ღონისძიებაზე ტრამპმა მასკს თეთრი სახლის მოოქრული გასაღებიც კი გადასცა. 

Kill the Bill

პირველი პოსტიდან ერთი დღის შემდეგ, 4 ივნისს, მასკმა რესპუბლიკელებს "კანონპროექტის მოკვლისა" და ისეთი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისკენ მოუწოდა, რომელიც "დეფიციტს მასიურად არ გაზრდიდა". ამას მოჰყვა 20-ზე მეტი პოსტი, ე.წ. მიმი, თუ სხვა მომხმარებლების პოსტების გადაზიარება, რომლითაც მასკი მკაფიოდ აკრიტიკებდა "დიდ, ლამაზ" კანონპროექტს ან კომენტარს აკეთებდა აშშ-ს უკვე არსებული საბიუჯეტო დეფიციტის შესახებ. 

რა გახდა მასკის წინააღმდეგობის მიზეზ(ებ)ი?

Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, ტრამპისა და მასკის ურთიერთობაზე ინფორმირებული წყაროების თანახმად, ოთხი მიზეზი არსებობს, რის გამოც მასკი ასე მწვავედ დაუპირისპირდა ტრამპის კანონპროექტს. მასკისთვის, როგორც Tesla-ს უმსხვილესი მეწილისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის, პირველი მიზეზი კანონპროექტის მიერ ელექტრომობილების სუბსიდირების, კერძოდ, ელექტრომობილის შეძენისთვის საგადასახადო შეღავათების გაცემის შეწყვეტა გახდა. 

მასკი თეთრ სახლში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობაზე "სპეციალური სახელმწიფო თანამშრომლის" სტატუსით მუშაობდა, რომლითაც მას მთავრობაში 130 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობა ეზღუდებოდა. მეორე მიზეზი, წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, მასკის თხოვნის საპირისპიროდ, ამ ვადის არგახანგრძლივება გახდა. 

მესამე მიზეზი, არსებული ცნობებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მასკის სურვილის უგულებელყოფა აღმოჩნდა, ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას საჰაერო მოძრაობის კონტროლისთვის მისი Starlink-ის სატელიტური სისტემა გამოეყენებინა. 

მეოთხე და საბოლოო მიზეზი კი, როგორც Axios წერს, სავარაუდოდ, ტრამპის მიერ NASA-ს ადმინისტრატორის პოზიციიდან მასკის თანამოაზრის, ჯარედ აიზაკმენის ნომინაციის მოულოდნელი გაწვევა გახდა. მოგვიანებით, 5 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა ოვალურ ოფისში რეპორტიორებთან საუბრისას აღნიშნული ცნობა გარკვეულწილად დაადასტურა და თქვა, რომ მასკის მიერ რეკომენდებული აიზაკმენი პოზიციისთვის "შეუფერებელი" და "სრული დემოკრატი" იყო. 

ტრამპის პასუხი 

განხეთქილებამ ახალ მწვერვალს მიაღწია, როდესაც ტრამპმა 5 ივნისს ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პირველად გაახმოვანა საკუთარი პოზიცია მასკის კრიტიკის შესახებ. 

საკითხზე რეპორტიორის შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილონით "იმედგაცრუებული იყო". 

"მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კვლავ გვექნება თუ არა. [...] მე ყოველთვის მომწონდა ილონი და ამიტომაც ვარ გაკვირვებული. [...] მერჩივნა, მე გავეკრიტიკებინე, ვიდრე კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონპროექტი არაჩვეულებრივია. ეს [გადასახადების] ყველაზე დიდი შემცირებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე დაამატა, რომ ილონმა კანონპროექტის შესახებ იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე "ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან". "იქ" მისი ადმინისტრაციიდან ისეთი მაღალჩინოსნებიც კი იმყოფებოდნენ, როგორებიცაა ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი. 

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ილონმა ამ კანონპროექტის დეტალები იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან. მას ჩემზე, პერსონალურად, რაიმე ცუდი არ უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება". - თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებაში მასკის როლიც დააკნინა. როგორც ტრამპმა მიანიშნა, ის ფიქრობდა, რომ არჩევნებში მასკის მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებდა.

"ილონმა ძლიერად დამიჭირა მხარი. ის კამპანიაშიც კი ჩაერთო ჩემთვის. ვფიქრობ, გავიმარჯვებდი. სუზი ამბობდა, რომ მე პენსილვანიაში ისედაც მარტივად გავიმარჯვებდი". - თქვა ტრამპმა. "სუზი", სავარაუდოდ, სუზი უაილსია, ამჟამად თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის კამპანიის მენეჯერი იყო. პენსილვანია კი ე.წ. მერყევი (swing) შტატი იყო, რომელსაც, სხვა "მერყევ" შტატებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ბედი უნდა გადაეწყვიტა. 

პასუხის პასუხი

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს მყისიერად მოჰყვა მასკის რეაქცია. მილიარდერმა, ტრამპის სიტყვების საპირისპიროდ, X-ზე უარყო, რომ კანონპროექტის შესახებ რაიმე იცოდა. 

"ტყუილია. ეს კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ ჩემთვის და შუაღამეს, ისე სწრაფად მიიღეს, რომ თითქმის არავის, კონგრესიდან, წაკითხვის საშუალებაც არ მიეცა!" - დაწერა მასკმა. 

მასკი ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მისი როლის დაკნინებითაც არ დარჩა მოხარული. 

"ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებში დამარცხდებოდა, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებდნენ, ხოლო რესპუბლიკელები სენატში 51-49-ზე იქნებოდნენ".  

"რა უმადურობაა". - დაწერა მასკმა, რომელმაც ტრამპის კამპანიას 2024 წელს $300 მილიონამდე შესწირა. 

მუქარა

ოვალურ ოფისში მედიის წინაშე საუბრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა პოსტების გამოქვეყნება ყოფილი თანამოაზრის საპასუხოდ საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაიწყო. 

"ილონი მოთმინებას მაკარგვინებდა, მე მას ვთხოვე, რომ წასულიყო, ელექტრომობილების მანდატი ჩამოვართვი, რომლითაც ყველას აძალებდა ელექტრომობილების ყიდვას, რომლებიც არავის უნდოდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ამას ვაპირებდი) და ის გაგიჟდა!" - დაწერა ტრამპმა. 

მასკმა საპასუხოდ ონლაინ-დაპირისპირებაში ჯეფრი ეპსტინის საქმე შემოიყვანა და პრეზიდენტს "კარგი დღე" უსურვა. 

"დროა, ძალიან დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპსტინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროებულა ისინი. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ! შეინახეთ ეს პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამჟღავნდება". - დაწერა მასკმა X-ზე. 

"ეპსტინის ფაილებში" მასკი გულისხმობს ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის გახმაურებული საქმის მასალებს. არსებული დაუდასტურებელი ცნობებით, დონალდ ტრამპს ეპსტინთან ახლო კავშირები ჰქონდა, რასაც თავად ტრამპი უარყოფს. 2025 წლის 27 თებერვალს ტრამპის მიერ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი გაავრცელა, თუმცა მათში ტრამპი არ ფიგურირებდა. 

ამ პოსტის საპასუხოდ, ტრამპი Truth Social-ზე დაიმუქრა, რომ მთავრობა მასკის კომპანიებთან ფედერალურ კონტრაქტებს შეწყვეტდა. 

"ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით დოლარის შენახვის უმარტივესი გზა იქნება ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების შეწყვეტა. ყოველთვის მიკვირდა, რომ ეს ბაიდენმა არ გააკეთა!" - დაწერა ტრამპმა. 

პრეზიდენტის მუქარის საპასუხოდ, მილიარდერმა X-ზე დაწერა, რომ მისი კომპანია, SpaceX, Dragon ტიპის კოსმოსურ ხომალდებს დაუყოვნებლივ ამოიღებდა ხმარებიდან. ეს დიდი დარტყმა იქნებოდა NASA-სთვის, რომელიც SpaceX-ზე მკვეთრად დამოკიდებულია, ვინაიდან სააგენტოსთვის ამჟამად Dragon კოსმოსური ხომალდების ალტერნატიული ჩამნაცვლებლები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. 

თუმცა, მომდევნო საათებში მხარეებს შორის სიჩუმე ჩამოვარდა, რა პერიოდშიც მასკმა მიანიშნა, რომ ტრამპთან "ზავისთვის" მზადაა. როდესაც მილიარდერმა ბილ აკმანმა X-ზე ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს "ქვეყნის სასარგებლოდ" ზავისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ "ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე - ცალ-ცალკე," მასკმა აკმანს უთხრა, რომ ის "არ ცდება". 

ხოლო კიდევ ერთ მომხმარებელს, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტსა და მასკს რამდენიმე დღით უკან დახევისკენ მოუწოდა, ხოლო მომხდარ დაპირისპირებას "სამარცხვინო" უწოდა, მასკმა დაუწერა, რომ ეს "კარგი რჩევაა" და დაამატა, რომ მისი კომპანია Dragon-ის ტიპის კოსმოსურ ხომალდებს ხმარებიდან აღარ ამოიღებს. 

მასკთან "ზავისკენ" მზაობაზე მიანიშნეს თეთრ სახლშიც. ყოფილ მოკავშირესთან დაპირისპირების შემდეგ, გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც გამოცემა წერს, სცადა, თავი მომხდართან დაკავშირებით "უდარდელად" წარმოეჩინა.

"ეს არაფერია," განუცხადა ტრამპმა Politico-ს ყოფილ მოკავშირესთან მომხდარი საჯარო დაპირისპირების შესახებ. "კარგად მიდის, უკეთ არასდროს ვყოფილვარ," დაამატა მან.

ხოლო თეთრი სახლის მრჩევლებმა აშშ-ს პრეზიდენტი დაარწმუნეს, რომ ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მასკის საჯაროდ გაკრიტიკება შეეწყვიტა, რის შემდეგაც, Politico-ს ცნობით, მათ "ზავის მისაღწევად" 5 ივნისისთვის მასკსა და ტრამპს შორის სატელეფონო ზარი დაგეგმეს. 

რა იქნება შემდეგ?

როგორ განვითარდება ტრამპსა და მასკს შორის ურთიერთობა, ამის გაგება მხოლოდ დაგეგმილი სატელეფონო ზარის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მანამდე, როგორც ჩანს, მასკი X-ზე მომხდარი დაპირისპირების სიმწვავის განეიტრალებას ხუმრობებით ცდილობს, ტრამპი კი, თანაშემწეების რჩევის შესაბამისად, დუმილს ანიჭებს უპირატესობას. 

ამასობაში, მხარეებს შორის დაპირისპირების გამომწვევი "ბოლო წვეთის", ანუ ტრამპის "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის მიღების ბოლო ვადა - 4 ივლისი - ახლოვდება. რთული სათქმელია, შეძლებენ თუ არა მასკი და ტრამპი მომხდარი საჯარო დაპირისპირების მიუხედავად კომპრომისზე დამყარებული კონსენსუსის მიღწევას. თუმცა აშკარაა, რომ ტრამპსა და მასკს შორის ჩამოვარდნილი განხეთქილების ეს მეტად საჯარო ხასიათი ახალ რეალობას აყალიბებს ამერიკის პოლიტიკურ დრამაში. 

შეგახსენებთ, რომ მასკი 2025 წლის 7 თებერვალს, ტრამპის ინაუგურაციიდან დაახლოებით 18 დღის შემდეგ X-ზე წერდა:

"დონალდ ტრამპი იმდენად მიყვარს, რამდენადაც ჰეტეროსექსუალ მამაკაცს მეორე მამაკაცის სიყვარული შეუძლია". 

კომენტარები