გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ, ასეულობით მილიარდი ევრო, რომელიც Covid-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენისთვის იყო გამოყოფილი, თავდაცვის გაძლიერების მიზნითაც გამოიყენონ.
4 ივნისს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ წევრ სახელმწიფოებს 2026 წლის აგვისტომდე აქვთ ვადა, რათა ევროკავშირის მიერ დასახული მიზნები დააკმაყოფილონ, რათა აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის (RRF) პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი €335 მილიარდიდან დაფინანსების მიღება შეძლონ, რითაც ისინი თავდაცვითი პროექტების დაფინანსებასაც შეძლებენ.
ცნობისთვის, 2021-ში ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც Covid პანდემიას უმკლავდებოდნენ, ჯამში €650 მილიარდის ოდენობის სესხები და გრანტები შესთავაზა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, გაციფრულების გაუმჯობესებასა და სხვა სახის რეფორმების გატარებას ისახავდა მიზნად.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე RRF პოლიტიკის გეგმა ითვალისწინებდა, რომ ხარჯების 37% კლიმატის ცვლილებას, ხოლო 20% ეკონომიკის გაციფრულებას უნდა მოხმარებოდა. გეგმაში კი თავდაცვა ნახსენები არ იყო.
თუმცა, ახლა, როცა RRF პოლიტიკის ფარგლებში თანხის ნახევარი ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი, ევროკომისიამ 4 ივნისს ბლოკის სახელმწიფოებს უთხრა, რომ ახალი პოლიტიკის ფარგლებში RRF-ის თანხები შესაძლოა, ევროკავშირის საერთო გეგმის ქვეშ არსებული თავდაცვითი პროექტებისთვისაც იყოს გამოყოფილი.
ამასთანავე, ევროკომისიამ დეპუტატებსა და მთავრობებს მოუწოდა, ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის (EDIP) რეგულაციაში შეიტანონ დებულება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქვეყნებისთვის, აღდგენის მექანიზმის თანხის მეშვეობით თავდაცვის ფონდში კონტრიბუცია გააკეთონ.
"ასეთი ალტერნატივები შესაძლოა, დაეხმაროს აღდგენის მექანიზმს, რომ მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოიტანოს საერთო ევროპული პრიორიტეტებიდან, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებშიც". - თქვა ეკონომიკის კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა რეპორტიორებთან.





