რუსეთის დელეგაციამ საქართველოს რეზოლუციის - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" - განხილვის დროს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს 2024 წლის ზაფხულის განცხადება დააციტირა.
3 ივნისს, რეზოლუციის განხილვის დროს, რუსეთს წარმოადგენდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მარია ზაბოლოტსკაია. მან სიტყვით გამოსვლის დროს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის არსებობს საქართველოსა და "სააკაშვილის რეჟიმს" დააბრალა. სწორედ ამ მიზნით, მან წაიკითხა ციტატა განცხადებიდან, რომელიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 2024 წლის 13 აგვისტოს გამოაქვეყნა.
"2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, დაარღვია ყველა არსებული შეთანხმება და გაანადგურა წლების ძალისხმევა, გამართულიყო მშვიდობიანი დიალოგი. ამ თავდასხმის ფარგლებში იერიში მიიტანეს რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგების ადგილზეც. ამ თავდასხმას მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაშიც და რუს სამხედროებშიც, ასევე მოჰყვა დევნილობა.
თავდასხმის არაფრით პროვოცირებული ხასიათი აქამდე დამტკიცდა, კერძოდ საერთაშორისო კომისიის ანგარიშში - კავკასიაში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზთა გამოძიებაზე, რომელიც ევროკავშირის ეგიდით, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
ნება მიბოძეთ, ამასთან დაკავშირებით, მოვიყვანო საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების განცხადება 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო...
გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე."
მსურს აღვნიშნო, რომ ეს არის საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება. ამასთან დაკავშირებით, მსურს ხაზი გავუსვა დღევანდელი რეზოლუციის სპონსორთა სიას. მრავალი მათგანი დასავლური ქვეყანაა... რთული დასაჯერებელია, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც გულგრილად უყურებენ ათასობით დევნილს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იღუპებიან, უეცრად დაინტერესდნენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დევნილთა ბედით." - თქვა ზაბოლოტსკაიამ.
სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის წარმომადგენელმა 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება განაგრძო. მისი მტკიცებით, რეზოლუცია პოლიტიზებულია და ხელს უშლის დევნილთა პრობლემის გადაჭრას.
"დავუბრუნდები 2008 წლის აგვისტოს ზაფხულის სიტუაციას. რუსეთის გადამწყვეტი ქმედება, კერძოდ საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციამ იხსნა სამხრეთ ოსეთის ხალხი დაღუპვისგან. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხის დასაცავად, ჩვენმა ქვეყანამ 2008 წლის 27 აგვისტოს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სააკაშვილის რეჟიმმა ჩადენილი თავდასხმით ხაზი გადაუსვა გასულ წლებში მიღებულ ყველანაირ საერთაშორისო ძალისხმევას ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის, ამასთან ერთად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, პოლიტიკური გზით გადაჭრასთან დაკავშირებით. გაანადგურა ყველა მიღწეული შემუშავება, მათ შორის იმ დროს არსებული მოლაპარაკებების ფორმატის მექანიზმი. შედეგად, ყველა თემატურმა დოკუმენტმა, რომლებიც წინ უძღვოდა 2008 წლის 8 აგვისტოს, აზრი დაკარგა. საკუთარი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან მიღებული იყო აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში.
სწორედ ამიტომ, 2008 წლის აგვისტოში დაიწყო მოლაპარაკებების ახალი ფორმატი - საერთაშორისო დისკუსიები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. ეს პლატფორმა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რადგან საქართველოს საშუალებას აძლევს ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ყველა საკითხზე, ჰუმანიტარული საკითხების ჩათვლით, რომლებიც ეხება დევნილებსა და ლტოლვილებს. საერთაშორისო დისკუსიები რეგულარულად ტარდება და შეეძლოთ რეგულარულ შედეგამდე მისვლა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის ჩათვლით, მაგრამ ამ გზას აღუდგა საქართველოს მიერ ყოველ წელს წარდგენილი და დღეს განსახილველი რეზოლუცია. ამ რეზოლუციას, სათაურის მიხედვით, უნდა შეეძლოს რეგიონში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის გადაჭრა. თუმცა, სინამდვილეში, მას სულ სხვა მიზანი აქვს - გენერალურ ასამბლეაში განსახილველად წარდგენით, საქართველო ცდილობს აქცენტი გადაიტანოს იმ ფაქტიდან, რომ სწორედ მათ ქმედებებს მოჰყვა დევნილთა ნაკადი. ის (რეზოლუცია) საუბრობს დემოგრაფიის ძალადობრივ ცვლილებაზე, მაგრამ დუმს, რომ სწორედ სააკაშვილის ქმედებები იყო ძალადობრივი.
ამას გარდა, ეს მნიშვნელოვანია, საქართველომ მშვენივრად იცის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგისთვის, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, საჭიროა უარის თქმა პოლიტიზირებულ რეზოლუციაზე, რომელიც წარდგენილია ისეთ პლატფორმაზე, სადაც არ არიან წარმოდგენილი არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი. ამგვარად, ამ რეზოლუციის წარდგენით, საქართველოს მშვენივრად ესმის, რომ ასრულებს მანევრს, რომელიც ხელს უშლის სამმხრივ დიალოგსა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის გადაჭრას." - თქვა ზაბოლოტსკაიამ.
ზაბოლოტსკაიას მტკიცებით, ეს რეზოლუცია რეალურად აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან დიალოგის დასაბლოკადაა წარდგენილი. მან ციტატა მოიყვანა აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების ერთობლივი განცხადებიდანაც, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გააკეთეს. ეს განცხადება საქართველოს "ომების გაჩაღებასა" და შესაბამისად დევნილთა პრობლემის წარმოქმნაში ადანაშაულებს.
ამას გარდა, ზაბოლოტსკაიას თქმით, საქართველოს რეზოლუცია დევნილთა შესახებ "არ ითვალისწინებს არსებულ პოლიტიკურ რეალობებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან" და "ადასტურებს საქართველოს მხრიდან რთული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მისწრაფების არარსებობას".
ზაბოლოტსკაიამ საქართველოს მოუწოდა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან თავდაუსხმელობის შეთანხმება დადოს და უარი თქვას ამ ყოველწლიურ რეზოლუციაზე.
"დევნილთა პრობლემის გადაჭრის მთავარი გამოსავალია არა დიპლომატიური ხრიკები, რომლებიც გათვლილია რეზოლუციის პროპაგანდისტულ ეფექტზე, არამედ კონფრონტაციულ მიდგომაზე უარის თქმა და ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმება, საბოლოო ჯამში კი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ერთ მხარეს საქართველოს, მეორე მხარეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის"
მანამ, სანამ გაგრძელდება პოლიტიკური თამაშები დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზურგს უკან, ამ საკითხის ჟენევის დისკუსიების ფორმატში განხილვას არანაირი აზრი ექნება. ამგვარად, თუ საქართველომ, როგორც თავად აცხადებს, მართლაც ღელავს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედზე, უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური სპეკულაციები დაზარალებულთა ბედზე, რაც სააკაშვილის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის შედეგი იყო, უარი უნდა თქვას რეზოლუციაზე და შევიდეს საგნობრივ დიალოგში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში." - დაამატა რუსეთის წარმომადგენელმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გაეროში რუსეთის წარმომადგენლებს საკუთარ არგუმენტად და აგრესიის გასამართლებლად ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ციტატები მოჰყავთ. 2024 წლის 14 აგვისტოს, ზემოხსენებული განცხადებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, გაეროში რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელმა, დმიტრი პოლიანსკიმ 2008 წლის ომის გასამართლებლად გაიმეორა ოცნების სწორედ ის სიტყვები, რომლებიც ზაბოლოტსკაიამ ახსენა.
"ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაოცებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი. იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია და საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, ეს უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მაზოხისტურ ქმედებას.
მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ ციტირებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე."
უბრალოდ გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ტრიბუნასთან დაბრუნდებიან და მოგატყუებენ იმაზე, თუ რა მოხდა მაშინ." – ამბობდა პოლიანსკი 2024 წლის აგვისტოში.





