22 წლის თამაზ მთივლიშვილის განზრახ მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, მიმდინარეობს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილის საექსტრადიციო პროცედურები და რუსეთზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას.
პროკურორის თქმით, წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული ძებნა მეორე ბრალდებულის, ბაირამ ალი გსეინოვის მიმართაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი ადგილსამყოფელი.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სამი ბრალდებულის მიმართ, რომლებსაც ბრალად ედებათ თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის არშეტყობინება.
ჩვენ სასამართლოს წარმოვუდგენთ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ჩვენ მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოვაცხადეთ "ინტერპოლით" ძებნა. ცნობილია, რომ ის დაკავებულია რუსეთში, თუმცა მან სახელმწიფო საზღვარი თურქეთში გადაკვეთა. ახლა მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები და რუსეთზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას.
მეორე პირს, ბაირამ ალი გსეინოვის მიმართაც გამოცხადებულია წითელი ცირკულარით ძებნა, ამ ეტაპზე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. თუმცა, სასამართლო პროცესები მის მიმართ არ შეჩერდება.
ბრალდებულებს რაც შეეხება, მათ მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს დანაშაული, რაც გამოძიება მათ კვალს დაადგა. ორმა აღიარა დანაშაული, თუმცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლება გამოიყენა.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის, თამაზ მთივლიშვილის დედის დაკითხვა გვინდა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს და სასამართლოს მოუყვება ფაქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილ დეტალებს". - თქვა ვეფხვაძემ.
7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.
მოკლულ ახალგაზრდას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მოკლული საკუთარ დაბადების დღეს ბრალდებულ პირებთან აღნიშნავდა, მოგვიანებით კი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის სახლში წავიდნენ. სადაც ბრალდებულმა მოკლულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მთივლიშვილი გარდაიცვალა.
პროკურორის განცხადებით, 112-ში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ დარეკა - "სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში".
23 თებერვალს საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის, მიმალვაში მყოფ ბაირამ ალი გუსეინოვს და გიორგი პაპაშვილს, დაუსწრებლად.
5-დან 4 პირს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, 1-ს გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.





