კრიმინალი

ადვოკატი: მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები შეწყალებული ან ამნისტირებული არიან

shutterstock

ორთაჭალაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის, თამაზ მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ორი ბრალდებული, რომლებმაც, სავარაუდოდ, საქართველო დატოვეს, ამნისტირებული ან შეწყალებული პირები არიან. 

"ორივე პირი, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, ნასამართლევია და ჩვენი ინფორმაციით, მათ ახლახან დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. დასაზუსტებელია ეს არის ამნისტირებული თუ შეწყალებული პირი. ჩემი ინფორმაციით, ნარკოტიკულ დანაშაულზე იხდიდნენ [სასჯელს]" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან. 

ორთაჭალაში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

5-დან 4 პირს -  ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, 1-ს გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 

ბაირამ ალი გუსეინოვი და გიორგი პაპაშვილი მიმალვაში არიან, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. პროკურორის განცხადებით, მიმალვაში მყოფმა ბრალდებულებმა ქვეყანა დატოვეს. 

"ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით. შესაბამისად, ერთ-ერთ ძებნილ ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, მათ შორის, ერთ ძებნილ ბრალდებულს, რომელმაც მეორე ბრალდებულთან ერთად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2025 წლის 19 თებერვალს". - ინტერპრესინიუსის ცნობით, ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

პროკურორის განცხადებით, 112-ში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ დარეკა - "სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში". 

"გარდაცვალების მიზეზი, პირველადი ინფორმაციით, არის თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპება. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება ვისი და რა კვალია ამ საგანზე.

მოწმეთა ჩვენებებით, ოპერატიული და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პაპაშვილია საქმის მთავარი ფიგურანტი. დანიშნული ექსპერტიზები და აღებული ნიმუშები გაამყარებს ამ გარემოებას. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული სამი პირი მას ასახელებს". - ამბობს პროკურორი, რომლის კომენტარსაც, ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პროკურორის განცხადებით, მკვლელობის ჩადენის მოტივი ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ ახალგაზრდას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მოკლული საკუთარ დაბადების დღეს ბრალდებულ პირებთან აღნიშნავდა, მოგვიანებით კი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის სახლში წავიდნენ. სადაც ბრალდებულმა მოკლულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მთივლიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები