პროკურორის განცხადებით, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.
მისივე განმარტებით, ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. რაც შეეხება, ინტერპოლით ძებნილ მეორე ბრალდებულს, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
"როგორც კი პატიმრობა შეეფარდა, ორივე ბრალდებულის მიმართ ძებნა მაშინვე გამოცხადდა როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პაპაშვილი დაკავებულია რუსეთის ფედერაციაში კონკრეტულად ინტერპოლის მიერ. ეს პროცესი ზოგადად დახურულია, შესაბამისად, დეტალებს ვერ შევეხები. ამ ეტაპზე მის მიმართ ექსტრადიციის საკითხია დაწყებული და სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება.
როგორც გიორგი პაპაშვილის, ასევე მეორე ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, ამ ეტაპზე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ვიცით, რომ საქართველოდან თურქეთში გადავიდა" - ინტერპრესნიუსის ცნობით, განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ ახალგაზრდას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მოკლული საკუთარ დაბადების დღეს ბრალდებულ პირებთან აღნიშნავდა, მოგვიანებით კი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის სახლში წავიდნენ. სადაც ბრალდებულმა მოკლულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მთივლიშვილი გარდაიცვალა.
პროკურორის განცხადებით, 112-ში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ დარეკა - "სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში".
23 თებერვალს საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის, მიმალვაში მყოფ ბაირამ ალი გუსეინოვს და გიორგი პაპაშვილს, დაუსწრებლად.
5-დან 4 პირს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, 1-ს გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.





