ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ლინ ძიანი აშშ-ს სახელწმიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ტიანანმენის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და მას "ისტორიული ფაქტების დამახინჯებას" უწოდებს.
"აშშ-ს მხრიდან გაკეთებული მცდარი განცხადებები ბოროტად ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებს, მიზანმიმართულად თავს ესხმის ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას და განვითარების გზას და სერიოზულად ერევა ჩინეთის შიდა საქმეები" – თქვა ლინმა.
მარკო რუბიომ განცხადება გაავრცელა სადაც ტიანანმენის მოედანზე "ჩადენილ სასტიკ დარბევაზე" ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენ გვახსოვს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 36 წლის წინ ტიანანმენის მოედანზე ჩადენილი სასტიკი დარბევა და ვიხსენებთ იმ დღეს მოკლული და დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების სიმამაცეს. თავისუფლება, დემოკრატია და თვითმმართველობა ადამიანური საფუძვლებია, რომელთა წაშლაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეუძლია" – წერს რუბიო X-ზე.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ დღეს, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.





