აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომდგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ შეთავაზებაზე ჰამასის პასუხს გამოეხმაურა და მას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.
ამის შესახებ უიტკოფი X-ზე წერს.
"აშშ-ს შეთავაზებაზე ჰამასის პასუხი მივიღე. ის სრულიად მიუღებელია და მხოლოდ უკან გვწევს.
ჰამასმა უნდა მიიღოს ჩარჩო წინადადება, რომელიც დაახლოების მოლაპარაკებების საფუძვლად წარვადგინეთ, რომლის დაწყებაც მომდევნო კვირაში დაუყოვნებლივ შეგვიძლია.
ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შევძლებთ, რომ მომდევნო დღეებში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიოთ, რომლითაც ცოცხალი მძევლების ნახევარი და მძევალთა ცხედრების ნახევარი დაუბრუნდება ოჯახებს სახლებში და რომლითაც შევძლებთ, რომ დაახლოების დისკუსიაში სუბსტანციური, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები გვქონდეს, რათა ვცადოთ, რომ მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ". - წერს უიტკოფი.
ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჰამასმა მძევლების გათავისუფლების შეთავაზება "არ უარყო", ხოლო უიტკოფის პასუხი "უსამართლოა" და ისრაელის სასარგებლოდ "სრულ მიკერძოებას" ავლენს.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ "ჰამასი თავისი უარის ერთგულია" და ისრაელი "მძევლების დასაბრუნებლად და ჰამასის დასამარცხებლად მოქმედებას განაგრძობს".
"როდესაც ისრაელი ჩვენი მძევლების გათავისუფლების უიტკოფის მიერ განახლებულ მონახაზს დათანხმდა, ჰამასი თავისი უარის ერთგულია. [...] ისრაელი ჩვენი მძევლებისა და ჰამასის დასამარცხებლად მოქმედებას განაგრძობს". - განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა.
ცნობისთვის, ჰამასმა გამოაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს მიერ შეთავაზებულ წინადადებაში შესწორებების შეტანა სურს.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ წინადადებაში მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებები 60-დღიანი ზავის განმავლობაში მძევლების გადაცემის სამ ფაზად დანაწილებას, ღაზის სხვადასხვა ტერიტორიაზე მეტი დახმარების შეტანასა და ომის დასრულების გარანტიას მოიაზრებს.
ჰამასის სამფაზიანი შეთავაზებისგან განსხვავებით აშშ-ს მიერ შეთავაზებული წინადადება მძევლების გადაცემას პირველ და მეშვიდე დღეს განაწილებულ ორ ეტაპად მოიაზრებდა.
მხარეთა მიერ განხილული ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებები 60-დღიან ზავს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასა და 1 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში მყოფი 58 მძევლიდან 28-ის ისრაელისთვის გადაცემას მოიცავს.





