ისრაელის ძალების მიერ ქალაქ რაფაჰის დაკავების ოპერაციის გამო ღაზაში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.
ისრაელმა ევაკუაციისკენ შუჯაიას ჩრდილოეთ რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც მოუწოდა.
პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს "მორაგის ღერძი უწოდა".
ცნობისთვის, მორაგი ისრაელის ყოფილი დასახლების სახელწოდებაა, რომელიც რაფაჰსა და ხან იუნისს შორის მდებარეობს.
მანამდე, 2 აპრილს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია ტერიტორიას გაწმენდს მებრძოლებისა და მათი ინფრასტრუქტურისგან და ისინი "ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ზონებს დაემატება".
"მე მოვუწოდებ ღაზას მაცხოვრებლებს, იმოქმედონ ახლა, რათა გაანადგურონ ჰამასი და დააბრუნონ ყველა გატაცებული პირი". - განაცხადა კაცმა და აღნიშნა, რომ ეს ომის დასრულების ერთადერთი გზაა.
ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის Gisha-ს ინფორმაციით, ისრაელი უკვე აკონტროლებს ღაზას სექტორის დაახლოებით 62 კვადრატულ კილომეტრს, რაც საერთო ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს.





