ისრაელ-ჰამასის ომი

ისრაელი ღაზაში აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

თეთრი სახლის სპიკერის კეროლაინ ლივიტის თქმით, ისრაელმა ღაზაში აშშ-ს მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ხელი მოაწერა.

შეთანხმების მიხედვით, სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში 60 დღის განმავლობაში შეწყდება და პარალელურად გაეროს ხელმძღვანელობით ჰუმანიტარული დახმარება აღდგება.

ლივიტის ინფორმაციით, ისრაელმა აშშ-ს წინადადებას ხელი იქამდე მოაწერა, სანამ ის ჰამასს გადაეგზავნებოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

გამოცემა Bloomberg წერს, რომ ფაქტს ორი ისრაელელი მაღალჩინოსანიც ადასტურებს.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, რომლებიც Bloomberg-თან ანონიმურობის დაცვით საუბრობენ, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებული ზავის ფარგლებში ჰამასმა 10 ცოცხალი მძევალი უნდა გაათავისუფლოს და ასევე დააბრუნოს 18 გარდაცვლილის ცხედარი.

აშშ-ს მიერ შემუშავებული წინადადება ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში მოლაპარაკებების გამართვასაც ითვალისწინებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს ახალი გეგმის ფარგლებში ისრაელელი მძევლების გადაცემის სანაცვლოდ 1 236 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.

Reuters წერს, რომ გეგმის გარანტორები აშშ, კატარი და ეგვიპტე იქნებიან.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ისრაელმა აშშ-ს შემოთავაზება მიიღო.

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შემოთავაზება ვერ აკმაყოფილებს პალესტინელი ხალხის ვერცერთ კანონიერ მოთხოვნას. 

ჰამასის წარმომადგენელმა ბასემ ნაიმმა თქვა, რომ გეგმა არსებითად ისრაელის შემოთავაზებაა, რომელიც ოკუპაციის გაგრძელებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ჰამასის ხელმძღვანელობა აშშ-ს წინადადების სიღრმისეული და პასუხისმგებლიანი გადახედვის პროცესშია.

კომენტარები