ისრაელ-ჰამასის ომი

ჰამასს აშშ-ს მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანა სურს

ჰამასმა გამოაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს მიერ შეთავაზებულ წინადადებაში შესწორებების შეტანა სურს

ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებული წინადადებებს "დადებითად" აფასებენ, თუმცა ცვლილებების შეტანა უნდათ.  

ჰამასის თანახმად, მზად არიან, რომ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელს 10 ცოცხალი მძევალი და 18 მძევლის ცხედარი გადასცენ, თუმცა ხელახლა განაცხადეს, რომ ომის დასრულებასა და ღაზადან ისრაელელი ჯარისკაცების გასვლას ითხოვენ.

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ წინადადებაში მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებები 60-დღიანი ზავის განმავლობაში მძევლების გადაცემის სამ ფაზად დანაწილებას, ღაზის სხვადასხვა ტერიტორიაზე მეტი დახმარების შეტანასა და ომის დასრულების გარანტიას მოიაზრებს.

ჰამასის სამფაზიანი შეთავაზებისგან განსხვავებით აშშ-ს მიერ შეთავაზებული წინადადება მძევლების გადაცემას პირველ და მეშვიდე დღეს განაწილებულ ორ ეტაპად მოიაზრებდა. 

მხარეთა მიერ განხილული ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებები 60-დღიან ზავს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასა და 1 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში მყოფი 58 მძევლიდან 28-ის ისრაელისთვის გადაცემას მოიცავს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ "ჰამასი თავისი უარის ერთგულია" და ისრაელი "მძევლების დასაბრუნებლად და ჰამასის დასამარცხებლად მოქმედებას განაგრძობს". 

"როდესაც ისრაელი ჩვენი მძევლების გათავისუფლების უიტკოფის მიერ განახლებულ მონახაზს დათანხმდა, ჰამასი თავისი უარის ერთგულია. [...] ისრაელი ჩვენი მძევლებისა და ჰამასის დასამარცხებლად მოქმედებას განაგრძობს". - განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა. 

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზაში აშშ-ს მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ხელი მოაწერა.

შეთანხმების მიხედვით, სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში 60 დღის განმავლობაში შეწყდება და პარალელურად გაეროს ხელმძღვანელობით ჰუმანიტარული დახმარება აღდგება.

ლივიტის ინფორმაციით, ისრაელმა აშშ-ს წინადადებას ხელი იქამდე მოაწერა, სანამ ის ჰამასს გადაეგზავნებოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ისრაელურ მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ისრაელმა აშშ-ს შემოთავაზება მიიღო.

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შემოთავაზება ვერ აკმაყოფილებს პალესტინელი ხალხის ვერცერთ კანონიერ მოთხოვნას. 

ჰამასის წარმომადგენელმა ბასემ ნაიმმა თქვა, რომ გეგმა არსებითად ისრაელის შემოთავაზებაა, რომელიც ოკუპაციის გაგრძელებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ჰამასის ხელმძღვანელობა აშშ-ს წინადადების სიღრმისეული და პასუხისმგებლიანი გადახედვის პროცესშია.

კომენტარები