რუსეთი

რუსეთში, აფეთქების შედეგად მოკლულია სტავროპოლის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილე

სტავროპოლის მეთაურის მოადგილე
Baza

რუსეთში, სტავროპოლში, საკუთარ სახლთან, აფეთქების შედეგად მოკლულია უკრაინის ომის მონაწილე, ქალაქის ადმინისტრაციის მეთაურის პირველი მოადგილე, რუსეთის არმიის მაიორი ზაურ გუციევი.

სოციალურ ქსელებში მაღალჩინოსანის სიკვდილის ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ გუციევს ახალგაზრდა კაცი უახლოვდება, შემდეგ ვხედავთ აფეთქებას, ორივე კაცი ადგილზე იღუპება.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მეორე დაღუპული, 29 წლის ნიკიტა პენკოვია, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გამოძიებისთვის უცნობია, იცნობდნენ თუ არა დაღუპულები ერთმანეთს. ასევე, გაურკვეველია პენკოვმა განზრახ აიფეთქა თავი თუ თავადაც არ იცოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა (ზოგი ვერსიით ხელყუმბარა) აქვს.

პენკოვის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი. ბინიდან ამოღებულია ეჭვმიტანილის პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი.

მაიორი ზაურ გუციევი უკრაინის ომის ვეტერანი მებრძოლი იყო. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარიუპოლის ოკუპაციაში. 

"მან გამოიყენა თავისი ცოდნა რაკეტების დამიზნების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად, რამაც მათი სიზუსტე და ეფექტურობა გაზარდა. მისი გაუმჯობესებული სტრატეგიით აზოვის მომარაგების ბაზის განადგურება გახდა შესაძლებელი". – წერია პროპაგანდისტულ მედიებში.

ასევე, მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუციევი ერთ-ერთი არმიის საჰაერო სამხედრო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით აქტიურად ეწეოდა სააგიტაციო სამსახურს. 

გარდა ამისა, მაიორმა მონაწილეობა მიიღო პროპაგანდისტულ სატელევიზიო პროექტში გმირების დრო.

გუციევის მონაცემები შეყვანილი იყო უკრაინის საიტ მიროტვორეცის ბაზაში. ონლაინ პორტალის სიაში არიან სამხედრო დამნაშავეები, ასევე, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ომის მხარდამჭერები და სხვა ანტიუკრაინული განწყობების მქონე ადამიანები.

კომენტარები