რეჟიმის პატიმრები

თქვენ იქ არ ყოფილხართ - კასრაძე გამომძიებელს, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, ის დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციბის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. 

დღეს სხდომაზე გამოიკითხა გამომძიებელი ივანე ფირცხალაიშვილი, რომლემაც ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად, ვეფხია კასრაძე დააკავა. კასრაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ფირცხალაიშვილი არ ახსოვს, მას მის დაკავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. 

კასრაძე: - რატომღაც არ მახსოვხართ.
გამომძიებელი: - მე ვიყავი თქვენთან.
კასრაძე: - ყველა მახსოვს აბსოლუტურად.
გამომძიებელი: - ფორმით ვიყავი და შეიძლება მაგიტო არ გახსოვართ.

"მე მადლობაც გადავუხადე სასამართლოზე პოლიციელებს, ვინც ჩემი დაკავება მოახდინა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სწორი ქმედება ნამდვილად იშვიათი გახდა და ამიტომაც დღესაც მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, მაგრამ ბატონო ივანე, თქვენ არ ბრძანდებოდით იქ ნამდვილად, იქ ჩემი მეგობარი იყო, ესწრებოდა, მას მოკიდეს ხელი, თქვენ ხართ ვეფხია კასრაძეო, მე ვერ მიცნეს. თქვენ იქ არ ყოფილხართ. ამბობთ, რომ მარტო იყო ვეფხიაო, რა მეცვა მაშინ მე? [...] ბატონო ივანე, ვინც იქ იყო, მე არავისთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, კანონის გადამეტებას არ ჰქონია ადგილი ნამდვილად, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ბრძანდებოდით იქ" - მიმართა კასრაძემ გამომძიებელს, რაზეც ფირცხალაიშვილმა თქვა, რომ "სამუშაო ფორმაში" იყო.

"გეუბნებით, რომ ვიყავი და სხვანაირად, როგორ დაგიმტკიცოთ". - თქვა გამომძიებელმა.

გამომძიებელს შეკითხვები დაუსვა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემაც, კერძოდ რა ფერის ტანსაცმელი ეცვა კასრაძეს, რაზეც გამომძიებელმა თქვა, რომ არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო სახლი, სადაც კასრაძე დააკავეს.

"პირობები არ მახსოვს, კარები ჰქონდა, კედლები ჰქონდა" - განმარტა გამომძიებელმა.

გამომძიებელმა ვერ გაიხსენა სახლთან დაკავშირებული დეტალები, მისი თქმით, ახსოვს, რომ სარემონტო იყო. რაზეც კოჟორიძემ უპასუხა - "ბუნებრივია, ხელოსანი სადაც მუშაობს ის სახლი სარემონტო იქნება."

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხნენ ექსპერტები. პეტრე წინწკალაძე, რომელმაც ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს - "იყო ბენზინის, მაგრამ არ დაფიქსირდა რაიმე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი" - თქვა მან. 

საქმეზე კიდევ ერთი ექპერტი იკითხება.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები