მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სადისციპლინო ზომების მიღება მოითხოვა კვიპროსელი მიტროპოლიტის წინააღმდეგ, რომელიც დაჟინებით ემხრობოდა მართლმადიდებლობაზე მოქცეული პროტესტანტების ხელახლა მონათვლას.
კვიპროსული მედია Philenews წერს, რომ პაფოსელი მიტროპოლიტ ტვიქიკეს ეპარქიიდან ჩამოშორება მას შემდეგ მოხდა, რაც საქმეში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი პირადად ჩაერია. მან კვიპროსის მთავარეპისკოპოს გეორგიოსისადმი მიწერილ წერილში დაუმორჩილებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გადადგმა ითხოვა.
საკამათო თემა მიტროპოლიტ ტვიქიკეს მტკიცე პოზიცია გახდა იმ პირების ხელახალ მონათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც მანამდე პროტესტანტებად იყვნენ მონათლულნი. ბართლომეოსის მიხედვით, ეს არქაული წესია და იგი თვლის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პროტესტანტების მისაღებად მირონის ცხებაც საკმარისია.
გამოცემა Philenews-მა გამოაქვეყნა კვიპროსული წარმოშობის ამერიკელი პროფესორის საჩივარი, რომელიც არამართლმადიდებელი ქრისტიანების მიღებასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქსა და პაფოსის მიტროპოლიტს შორის არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკის გამო პაფოსში დაქორწინებას ვერ ახერხებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტანტი პატარძლის მირონცხება ნიუ-იორკის წმინდა სპირიდონის ეკლესიაში მოხდა მას შემდეგ, რაც მან ცხრათვიანი კატეხიზაცია გაიარა და მართლმადიდებლური სახელის მიიღო. თუმცა, პაფოსელი მიტროპოლიტი მირონცხებას არასაკმარისად თვლიდა და სრულ ნათლობას ითხოვდა.
ვითარება გაართულა იმ ფაქტმაც, რომ ქორწილის გადასახდელად სამზადისი უკვე დასრულებული იყო. ამერიკელ პროფესორს მიტროპოლიტ ტვიქიკემ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მისი ცოლის ნახვა პირისპირ სურდა. ხოლო როდესაც გაიგო, რომ მისი ცოლი კვიპროსში არ იმყოფებოდა, პროფესორი სხვა მღვდელთან გადაამისამართეს, რომელმაც უთხრა, რომ "პროტესტანტების საიდუმლოებები კანონიკური არ არის, ამიტომ მათ ნათლობასაც ძალა არ აქვს."
ამის შემდეგ პროფესორმა საჩივარი ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს მიტროპოლიის მსოფლიო საპატრიარქოს ეპარქიაში შეიტანა, სადაც ხელახალი მონათვლის შესახებ მოთხოვნა გაუმართლებლად ჩათვალეს. საბოლოოდ კი საკითხმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსამდეც მიაღწია, რომელმაც "მტკიცე პროტესტის" გამომხატველი წერილი გაუგზავნა კვიპროსის მთავარეპისკოპოს გეორგიოსს. მასში პატრიარქმა ბართლომეოსმა "გაოცება და აღშფოთება" გამოხატა, ხოლო მიტროპოლიტ ტვიქიკეს ხედვებს "სრულად დრომოჭმული" უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიტროპოლიტი "უპატივცემულოდ და შეუფერებლად ლაპარაკობდა სათაყვანო მსოფლიო საყდრის შესახებ". მსოფლიო პატრიარქის გაფრთხილებით, მსგავსი შემთხვევები ხელს უწყობს "იზოლაციონიზმს და კითხვის ქვეშ აყენებს ჩვენს სენსიტიურ კავშირებს სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებთან და ეკლესიებთან."
წმინდა სინოდთან ამ საკითხზე საუბრისას კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა გეორგიოსმა აღნიშნა, რომ "ამ საჩივრის გამო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკის სამთავრობო ხელისუფლების წინაშე ჩვენი დისკრედიტაცია მოხდა."
ცნობისთვის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, მსოფლიო კრებათა კანონებზე დაყრდნობილი პრაქტიკით, პროტესტანტებს, ვის ნათლობაშიც სამების ფორმულა და ნათლობის წესი დარღვეული არ იყო, იღებს მირონცხებით (მაგ. II მსოფ. კრების მე-7 და ტრულის კრების 95-ე კანონები).
აქვე აღსანიშნავია, რომ წმინდა სინოდის განჩინებაში მიტროპოლიტ ტვიქიკეს ბრალი სხვა საქმეებშიც ედებოდა, მათ შორის, მისი მხარდაჭერითა და მფარველობით, თესალონიკში მოქმედი "სქიზმატური დაჯგუფების" აქტიური წევრის მღვდლად დანიშვნასა და ასევე ტაძრის იმ ადამიანის სახელზე კურთხევაში, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად წმინდანად არ მიიჩნევს.
ამასთანავე, წმინდა სინოდმა აღნიშნა, რომ მთავარეპისკოპოსმა გეორგიოსმა საპროტესტო წერილი "მსოფლიო საპატრიარქოსგან, საბერძნეთის ეკლესიისგან, ნეაპოლის მიტროპოლიტ ბარნაბასგან, საბერძნეთის მთავრობის განათლების სამინისტროსგან და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობისგანაც" მიიღო.





