რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რაუფოღლუ: ტრამპი სერიოზულად განიხილავს უკრაინისთვის ბაიდენის პერიოდის შეზღუდვების მოხსნას

Jim Watson/AFP/Getty Images

გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, ორ დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის ჯერჯერობით რუსეთის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე ყოველგვარი შეზღუდვა არ მოუხსნია, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი "სერიოზულად განიხილავს" ამ ნაბიჯის გადადგმას.

"ამჟამად აქამდე შემოღებული ყოველგვარი შეზღუდვის - შემსუბუქებულია თუ არა უკვე ის - გადახედვა მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ [ტრამპს] მიაჩნია, რომ ახლანდელი სტატუს-კვო არ ემსახურება ჩვენს საერთო ინტერესს მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მიყვანის კუთხით," თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

პარალელურად, გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.

WSJ-ს თანახმად, ტრამპმა სანქციების დაწესების განხილვა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების გაგრძელებით და მოლაპარაკებების ნელი ტემპის გამო დაიწყო. 

ცნობისთვის, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა და "სრულიად შეშლილი" უწოდა. ტრამპის თქმით, პუტინს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს". 

მანამდე, რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად" განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიში 25 მაისსაც მიიტანა. 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი.

კომენტარები