ჩრდილოეთ კორეაში ახალი საბრძოლო გემის გაშვებისას მომხდარი ინციდენტის გამო სამი მაღალჩინოსანი დააკავეს.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, დაკავებულებს შორის ქალაქ ჩონჯინის გემთმშენებელი ქარხნის მთავარი ინჟინერი, მშენებლობის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციული მენეჯერი არიან.
KCNA-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნის დირექტორი, ჰონგ კილ ჰო სამართალდამცავებმა დაკითხვაზე დაიბარეს.
21 მაისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თვალწინ ფხენიანის მეორე საზღვაო გამანადგურებელი დაზიანდა, რომელსაც სპეციალური ცერემონიის ფარგლებში უნდა გაეცურა.
ხომალდის გაცურვის ღონისძიება საპორტო ქალაქ ჩონჯინში 21 მაისს იმართებოდა. პროპაგანდისტული კორეის სიახლეების ცენტრალური სააგენტოს (KCNA) ინფორმაციით, 5000-ტონიანმა გამანადგურებელმა წონასწორობა დაკარგა და მისი ქვედა ნაწილი დაზიანდა. KCNA არ აზუსტებს თუ რამდენად სერიოზული იყო დაზიანება და არიან თუ არა დაშავებულები.
KCNA-ს ცნობით, მომხდარში კიმ ჩენ ინმა დაადანაშაულა სამხედრო მაღალჩინოსნები, მეცნიერები და პორტის ოპერატორები. კიმ ჩენ ინის თქმით, "სერიოზული შემთხვევა და კრიმინალური ქმედება გამოწვეულია აბსოლუტური წინდაუხედაობით, უპასუხისმგებლობითა და არამეცნიერული ემპირიზმით".





