რუსული რეჟიმი

კურატიშვილი: აქტივისტს რუსთაველზე ფეიერვერკის სროლის გამო 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აქტივისტი თამარ კურატიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტი საბა ბაღდავაძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 23 მაისს რუსთაველზე ფეიერვერკის სროლის გამო 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"23 მაისს რუსთაველის გამზირზე ფოიერვერკის სროლისთვის აქტივისტი საბა ბაღდავაძე დააკავეს, დღეს მონა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უარი თქვა მისთვის ფულადი სახდელის დაწესებაზე და საბას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საბა ბაღდავაძე 24 მაისს, შუაღამისას, კრიმინალურმა პოლიციამ საბურთალოზე ფოიერვერკის სროლისთვის დააკავა. მათი ჩვენების მიხედვით, საბამ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად აქტივისტი უარყოფს, მოსამართლემ კი პროცესზე ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ მისი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საბა ბაღდავაძე ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.

მეგობრები ვართ მის გვერდით და ვიბრძოლებთ მის მხარდამხარ!

ბრძოლა გვექნება ბოლომდე!" - წერს თამარ კურატიშვილი. 

ცნობისთვის, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პიროტექნიკის გამოყენება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. 

კომენტარები