საბჭოთა კავშირი

პუტინის მრჩეველი: სსრკ-ს დაშლის პროცედურა დაირღვა, სამართლებრივად ის კვლავაც არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, ანტონ კობიაკოვმა სანქტ-პეტერბურგში გამართული საერთაშორისო სამართლის ფორუმის შემდეგ პრესკონფერაციაზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა განხორციელდა ისეთი ფორმით, რომელსაც მრავალი იურისტი სამართლებრივად არასწორს საფუძვლიანად უწოდებს. მისი თქმით, "საბჭოთა კავშირი სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავაც არსებობს".

კობიაკოვმა თქვა, რომ სსრკ დღემდე არსებობს, როგორც საერთაშორისო სამართის სუბიექტი. მისი მტკიცებით ამას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ და საფრანგეთი, დიდი ხანია აღიარებენ.

"მიზეზი მარტივია: საბჭოთა კავშირის დაშლის პროცედურა დაირღვა. რადგან 1922 წელს სწორედ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ დააფუძნა კავშირი, მისი დაშლა ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო. თუ ეს პროცედურა არ ყოფილა დაცული, მაშინ კონსტიტუციური სამართლის ნორმებით, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი მდგომარეობა უცვლელია" - აღნიშა კობიაკოვმა

მან ასევე გააკრიტიკა ბელოვეჟის შეთანხმებების ლეგიტიმურობა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევენ: "სამართლებრივი თვალსაზრისით, ბელოვეჟის შეთანხმებას დიდი კითხვის ნიშანი ადევს. შეთანხმება შემდგომში რატიფიცირებული იქნა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის უმაღლესი საბჭოების მიერ - რაც მათი უფლებამოსილების ფარგლებს სცილდებოდა" - თქვა მან

პუტინის მრჩეველი აღნიშნავს, რომ "თუ საბჭოთა კავშირი სამართლებრივად არ დაშლილა, მაშინ მაგალითად, უკრაინის კრიზისიც შეიძლება განიხილებოდეს არა როგორც საერთაშორისო კონფლიქტი, არამედ როგორც შიდა სახელმწიფოებრივი საქმე."

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველის აზირთ, დღევანდელი გეოპოლიტიკური პროცესების სწორად გასაგებად საბჭოთა კავშირის დაშლის სრულფასოვანი სამართლებრივი ანალიზი აუცილებელია.


ცნობისთვის, 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი რესპუბლიკებიდან სამმა, რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოცხადდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) დაარსდა.

აღსანიშნავია, რომ კობიაკოვის მიერ ნახსენები საბჭოთა კავშირის დაფუძნების შეთანხმებას 1922 წელს ზემოჩამოთვლილი სამი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გარდა ხელი მოაწერა ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ (სფსრ), რომელშიც გაერთიანებული იყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკები და დედაქალაქი თბილისში მდებარეობდა. 1936 წელს ამიერკავკასიის სფსრ გაუქმდა და მასში გაერთიანებული სამი რესპუბლიკა სსრკ-ს შეუერთდა.

1991 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ, გარდა საქართველოსა, ხელი მოაწერა ალმათის დეკლარაციას, რომლის მიხედვით ისინი შეუერთდნენ დსთ-ს და განსაზღვრეს ორგანიზაციის პრინციპები. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე.

1991 წლის 25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა და ბირთვული კოდები ბორის იელცინს გადასცა.

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სახელად "დეკლარაცია № 142-Н", რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არსებობა და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია გახდა.

კომენტარები