ბელარუსი-საქართველო

ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მხარს უჭერენ, რომ "როგორც ოსები, ისევე აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ". 

ამის შესახებ ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ახალი ელჩი, ნიკოლაი როგაშუკი დანიშვნის გამოცხადების დროს ილაპარაკა. 

"ჩვენი ურთიერთობები უკეთესი მიმართულებისკენ გადაიხარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენდამი ძალიან კარგად არიან განწყობილები. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. კი, მათ თავებში უტენიდნენ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, მეტოქეები ვართ და რომ თითქმის მტრებიც კი ვართ. ჩვენ ქართველი ერისთვის მოწინააღმდეგები არასდროს არ ვყოფილვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ როგორც ოსები, ისევე აფხაზები, ქართველებთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. როგორ, ამაზე კი ისინი იქ ჩამოყალიბდებიან - ერთ სახელმწიფოში ერთად, ფედერაციულად თუ როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ იქ არ ვძვრებით, არ ვერევით. ისეა საჭირო კეთება, როგორც ხალხისთვის უკეთესია. ესაა ჩვენი პოზიცია". - თქვა ლუკაშენკომ. 

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ახალ ელჩად ნიკოლაი როგაშუკი დანიშნა. 

"ცხადია, ოდესღაც ელჩების ცვლის დრო დგება. მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ ახალ ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში თქვენი ელჩად განწესების შესახებ". - თქვა ლუკაშენკომ. 

ბოლო ხანებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის პირდაპირი ურთიერთობების ფაქტები გახშირდა. თავდაპირველად, 2022 წლის 18 სექტემბერს ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა და მარიონეტული რეჟიმის იმდროინდელ ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ".

ამის შემდეგ, 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, ხოლო 21 თებერვალს ბჟანია ლუკაშენკოს ბელარუსში შეხვდა

ამ წლის 9 მაისს პუტინის აღლუმთან დაკავშირებით ლუკაშენკო მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებს, ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბას შეხვედრები გამართა. 

კომენტარები