ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ახალ ელჩად ნიკოლაი როგაშუკი დანიშნა.
ლუკაშენკოს თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალა და ახალ ეტაპზე საჭიროა "ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი".
"ჩვენი ურთიერთობები უკეთესი მიმართულებისკენ გადაიხარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენდამი ძალიან კარგად არიან განწყობილები. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. [...] ცხადია, ოდესღაც ელჩების ცვლის დრო დგება. მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ ახალ ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში თქვენი [ნიკოლაი როგაშუკის] ელჩად განწესების შესახებ". - თქვა ლუკაშენკომ.
მანამდე, 9 მაისის აღსანიშნავად ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
აღსანიშნავია, რომ წელს ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვების დღის მისალოცი წერილი პირადად გაუგზავნა. აქამდე, გასულ წელს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა მისალოცი წერილით მიმართა არა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არამედ "ქართველ ხალხს".
აქამდე, 11 თევერვალს მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს წერილით გაპრეზიდენტება მიულოცა. ამას წინ უსწრებდა ლუკაშენკოს მილოცვა ყაველაშვილისადმი. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 2020 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ ლუკაშენკომ ქვეყანაში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია გაანადგურა, მას არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების 87%-ზე მეტი აიღო.
მარტის პირველ ნახევარში საქართველოს ელჩმა ბელარუსში, გიორგი საგანელიძემ თქვა, რომ ბელარუსი და ქართველი ხალხის დაახლოება საჭიროა.





