ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა 22 მაისიდან 4 თვით შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.
წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა ორ ზოლში, ხოლო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება.
გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ" - წერია განცხადებაში.
მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354 და N359 წყნეთის გზატკეცილს ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების საავტომობილო ხიდის გავლით, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები უკუმიმართულებითაც იმავე გზით გააგრძელებენ მოძრაობას" - წერია მერიის განცხადებაში.





