ირაკლი კობახიძე

კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა

საქართველოს მთავრობა/Facebook

ირაკლი კობახიძემ ალბანეთის სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან, უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან და სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად ცალკეული შეხვედრები გამართა.

ივანიშვილის მთავრობის თანახმად, ვუჩიჩისა და კობახიძის საუბარი "ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს" შეეხო. გარდა ამისა, ივანიშვილის მთავრობა წერს, რომ საუბარში "ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე". 

"მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს". - წერია ივანიშვილის მთავრობის განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, კობახიძის საუბარი ორბანთან "ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას" შეეხო.

"მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება". - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, კობახიძემ ფიცოსთან "ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევები" განიხილა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის". - წერია განცხადებაში.

დღეს, 16 მაისს, კობახიძე ალბანეთში, ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა.

კომენტარები