წულუკიანის კომისიაზე მიწვეული გურამ თირქიას თქმით, პროკურორი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს თირქიას მიწების ხელისუფლებისთვის გადაფორმებას აიძულებდა "ახლაც მუშაობს".
"[როლანდი ახალაია] მეუბნება, რაც მიწები გაქვს, დაწერე ასეთი რაღაცო, რომ მიწებს ჩააბარებო, ვის უნდა ჩავაბარო-მეთქი [...] არ დაიწყო ლაპარაკიო, თორემ 10-წლიანი ციხე მოგიწევსო, ეს შავი არისო. ვუთხარი, ეს ჩემი საკუთრება არის მეთქი და არ ჩაგაბარებთ-მეთქი [...]. პროკურორმა მითხრა, როლანდის [ახალაია] თანდასწრებით, დაწერეო [მიწები ჩაგვაბარეო]. გვარი არც მინდა და არც გავიხსენებ, ახლაც მუშაობს და არ მინდა, რომ ვთქვა..." - თქვა თირქიამ სხდომაზე.
ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ამის შემდეგ თირქიას როლანდ ახალაიას ადგილმდებარეობის დაზუსტება სთხოვა, ხოლო პროკურორის ვინაობის შესახებ კითხვა არ დაუსვამს.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა, რის შემდეგაც კომისიის უფლებამოსილება გაიზარდა და 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხო.